არჩილ თალაკვაძე - „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაში წელს გაუმჯობესებული პირობები მივიღეთ, რაც წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია
„გაზპრომთან“ ხელშეკრულებით მივიღეთ პირობები, რომლითაც საქართველოს მეტი შემოსავალი ექნება, როგორც ტრანზიტის კუთხით, ასევე უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის გაზის სტრატეგიული მომწოდებელი აზერბაიჯანია.
„ორ წელიწადში ერთხელ ამ ხელშეკრულების განახლება ხდება, ეს არის მიმდინარე ხელშეკრულება გაზის მიწოდების თაობაზე. მთავრობამ წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით მივიღეთ ისეთი პირობები, სადაც საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი, როგორც ტრანზიტში, ასევე უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ იქნება აზერბაიჯანი. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულად დაცული იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაზის ფუნქცია ვერ ექნება ვერანაირად ამ ხელშეკრულების განახლების შემდგომაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაზის მოწოდება დივერსიფიცირებული აქვს.
„საქართველოს აქვს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ხელშეკრულება ამის თაობაზე და ამავე დროს, რუსეთის მხრიდან გაზის მოწოდების თვალსაზრისით აქვს ხელშეკრულება, სადაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ბიუჯეტს აქვს კონკრეტული შემოსავალი. წელს მივიღეთ გაუმჯობესებული პირობები. ეს არის მთავრობის მხრიდან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტრომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დაასრულა. მისი თქმით, ზედმიწევნით დაცულია ორივე პრინციპი, რომლითაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დროს საქართველო ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულება ორი წლით გახანგრძლივდა და 2019-2020 წლების განმავლობაში იმოქმედებს.