არჩილ თალაკვაძე - გაწეული სამუშაოს ფონზე, სრულიად ლოგიკურია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე, გუნდი მზადაა, პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს
გაწეული სამუშაოს ფონზე, რა თქმა უნდა სრულიად ლოგიკურია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც უკვე გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის, ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას „ქართულ ოცნებაში“ მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად ეცნობება.
„უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ „ქართული ოცნების“ ყრილობის სხდომას, მანამდე იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. მსურს, რომ ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზეც ისაუბრა და მას მადლობა გადაუხადა.
„დავიწყებდი დემოკრატიის კონსოლიდაციით, გაძლიერებით, იყო საკონსტიტუციო რეფორმა, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, ინსტიტუციური რეფორმები, რომლის შედეგადაც, ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციების გამიჯვნა მოხდა და მოხდა ინსტიტუცუიური დემოკრატიის განხორციელება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას, რეფორმებს. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი, ეს არის ადამიანის უფლებებსი დაცვა, სადაც დაწყებული პენიტენციური სისტემის რეფორმიდან, გაგრძელებული სხვა დემოკრატიული რეფორმებით, რომელიც ეხებოდა მედიის თავისუფლებას, სასამართლოს, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, ამ მიმართულებით საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგი. შემდეგი არის ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლებსი დაცვა, რაც პრობლემური იყო წინა ხელისუფლების დროს. დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება დაცულია. ხაზგასხმით ვიტყოდი, რომ ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შევძელით პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გატარება, რომლითაც საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, საქართველო ამ წლების განმავლობაში დასავლეთისთვის გახდა საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების თვალსაზრისით.
საქართველო ამ წლების განმავლობაში გახდა საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების თვალსაზრისით დასავლეთისთვის, აშშ-სთვის, ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, ეს მოხდა, როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე საქართველოს შესაძლებლობების რეფორმით ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ეს არის ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზები. ამ ყველაფრის განხორციელება მოხდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. შესაბამისად, ამ გაწეული სამუშაოს ფონზე, როდესაც მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მონაწილეობით დემოკრატიას, რა თქმა უნდა სრულიად ლოგიკური უკვე მისი გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც უკვე გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის, ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.