არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, რომ ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ იმ პროგრამასა და ამოცანებს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წინაშე დგას
პარტია მთლიანად ორიენტირებულია მომავალზე, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ხედვა მომავალი განვითარების, მსურს, მივულოცო ჩვენს მეგობარსა და გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეზე ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გუნდისგან.
„დარწმუნებული ვარ, გუნდის მხარდაჭერით ის თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი პარტიის წინაშე დგას. მას გამორჩეული თვისებები აქვს, ის არის გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი, უშუალოდ აქვს წვლილი შეტანილი პარტიის განვითარებაში, ასევე არაერთ წარმატებულ საარჩევნო კამპანიას პირადად ხელმძღვანელობდა. განათლებული ახალგაზრდაა, ენერგიული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, ის, გუნდთან ერთად, შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს, რომელიც დღეს დგას ჩვენი პოლიტიკური პარტიის, როგორც მმართველი პარტიის წინაშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარტიის ყოფილ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს, იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან პარტიის მშენებლობის, საერთო წარმატებები საქმეში ჩადო, რაც ამ წლების განმავლობაში გუნდმა და საზოგადოებამ ერთად გააკეთა.
„ეს იყო გამორჩეული წლები, საინტერესო პოლიტიკური პერიოდი და ახლა, როდესაც გამარჯვების შემდეგ მან მიიღო ასეთ გადაწყვეტილება, რომ გავიდეს პოლიტიკიდან, პარტიაში მთელი პასუხისმგებლობა მართვის სადავეები გადმოდის უკვე გუნდზე, რომელიც დღეს განახლებული სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე. გარწმუნებთ, რომ ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ იმ პროგრამასა და ამოცანებს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წინაშე დგას. პარტია მთლიანად ორიენტებულია მომავალზე, გვაქვს ძალიან საინტერესო ხედვა მომავალი განვითარების, ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოების და მშვიდობის განმტკიცება და ეკონომიკური განვითარება, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ამ მიმართულებებით ჩვენ შევეცდებით საზოგადოებასთან ერთად უზრუნველვყოთ პროგრესი და გარწმუნებთ, როგორ კი გლობალური პანდემია დასრულდება, საქართველოს დაუბრუნდება განვითარების მაღალ ტემპებს ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ხედვა, გვყავს განახლებული პროგრესული გუნდი, ვნახეთ, რომ პოლიტსაბჭოში ეს განახლება დღეიდან უკვე ასახულია, გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერები შემოვიდნენ პოლიტიკური პარტიი მართვის პლატფორმაზე, ეს არის პოლიტსაბჭო, 20 ადამიანი შევეცდებით მივიღოთ სწორი, დროული, ეფექტური გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. თითოეული წევრი პოლიტსაბჭოში რა თქმა უნდა, დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდა გუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, ვიდრე ის პოლიტიკას დატოვებდა“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.