არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, ამ არჩევნებში გახარიას პარტიაც ძალიან დაბალ მხარდაჭერას მიიღებს, თბილისში მეორე ტურს გამოვრიცხავთ
აი, ზუსტად ამიტომ არ ენდობა ხალხი მათ, რადგან შეუძლიათ, ორ თვეში დიამეტრალურად განსხვავებული რამ ილაპარაკონ. დღეს გვეუბნებიან, სესხი აიღეთ, როგორ შეიძლება, სესხი არ აიღოთო. აი, ეს არის არათანმიმდევრული დამოკიდებულება და პოლიტიკური ტყუილებით დღის წესრიგის შექმნის მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა თბილისში მეორე ტურს მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხალხი გიორგი გახარიას მხარს არ დაუჭერს, რადგან მისი პარტიის საქმიანობა და შედეგები პირდაპირ ემთხვევა იმ მიზნებს, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთელ რადიკალურ ოპოზიციას.
„მათი ერთადერთი მიზანი იყო, „როგორმე „ქართული ოცნება“ შეესუსტებინათ და ჩვენთვის მხარდაჭერა დაეკლოთ, მაგრამ მოქალაქეების წინაშე ჩვენ პასუხისმგებლიანად მოვიქეცით – ესეც დავინახეთ, რასაც გეგმავდნენ და გავაუქმეთ ის პუნქტები, რომელსაც არჩევნები საერთოდ არასწორი გზით მიჰყავდა. დღეს ხედავთ, რომ არის კონკურენტული გარემო და ყველა პარტია ცდილობს, თავისი პროგრამა და ლიდერები წარადგინოს. ჩვენ დავბრუნდით რეალურად ისეთ კონკურენციაში და არჩევნებში, რომელიც დემოკრატიის შესაბამისია. აი, ახლა ვნახავთ, ვინ რამდენ ხმას აიღებს. გარწმუნებთ, ამ არჩევნებში მათ შორის, გახარიას პარტიაც ძალიან დაბალ მხარდაჭერას მიიღებს. თბილისში მეორე ტურს, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ. ჩვენ გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურში დავხუროთ, რადგან გვყავს ლიდერი, კახა კალაძე, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა აქვს და შეუძლია, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.