არჩილ თალაკვაძე - გარემო არის და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება გამოწვევა პოლიტიკოსებისთვის
გარემო არის და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება გამოწვევა მთავრობებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და მწვანე სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„დღეს კომიტეტმა ჩააბარა ანგარიში საზოგადოებას. ამ წლების განმავლობაში უდავოდ ბევრი გაკეთდა ჩვენი საკანონმდებლო სივრცის რეფორმირების, მისი გათანამედროვების და მოდერნიზაციის მიმართულებით. მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკანნმდებლო პაკეტი, მათ შორის გამოვყოფ „ტყის კოდექსს“, გამოვყოფდი ნარჩენებთან და მის გადამუშავებასთან საკანონმდებლო ინიციატივებს, ასევე, წყლის რესურსებთან და წყლის ინტეგრირებულ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც უდავოდ, ჩვენი ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარემო არის და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება გამოწვევა მთავრობებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ბუნებრივია, მისი უფრო მეტად გათვალისწინება საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში იქნება პროგრესის წამყვანი ნაწილი მომავლის პოლიტიკაში, ამიტომ, ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი რასაკვირველია, მომავალში კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტს დავსვამთ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჩვენს პროგრამაში, ჩვენს მიერ განხორციელებულ საჯარო პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტად იქნება გარემოს დაცვის ინტერესების, გარემოს ნაციონალური მართვის საკითხები ასახული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გარემოს დაცვის კუთხით ბევრი გააკეთა, გამოწვევები მაინც რჩება.
„ბუნებრივია, გარემო, მწვანე პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა და მწვანე კანონმდებლობა ეს არ არის მხოლოდ საკითხები, რომლებზეც საუბარი დღეს არის მოდაში სხვადასხვა ფორუმებზე, ეს არის საკითხები, რომლებიც კონკრეტულად და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენი შვილების საცხოვრებელ გარემოს, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ენერგეტიკა, ნარჩენების რაციონალური მართვა, მუნიციპალიტეტების განვითარება, ეკონომიკა, ტურიზმი და ცალკე მსურს გამოვყო განათლების სფეროს მნიშვნელობა გარემოსთან დაკავშირებული ეფექტური და სწორი პოლიტიკის წარმოებაში, ვინაიდან განათლების სისტემაში გარემოს დაცვითი საკითხების უფრო მეტად ასახვით, უფრო მეტად დამუშავებით და ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად მიწოდებით იქმნება ის საფუძველი, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს გარემოს რაციონალური მართვის გარანტით. შესაბამისად, შემდეგი წლების განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ამ მიმართულებით გადადგამს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს, გააგრძელებს პროგრესს, რომელიც ამ სფეროში არის დაწყებული და საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი ამ მიმართულებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები, სადაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა, პარლამენტი, ჩვენი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასე აქტიურია საქართველოში ამ მიმართულებით, შევძლებთ სწორი საჯარო პოლიტიკის ფორმირებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორებს, გერმანიის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს. ერთიანი თანამშრომლობით ჩვენ შევძელით ისეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება, როგორიც არის ენერგოეფექტურობის რეფორმა. ძირითადი კომპონენტები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს არ არის მხოლოდ მწვანე საფარის დაცვა, მხოლოდ ფლორის და ფაუნის დაცვა – ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები გარემოს დაცვით საჯარო პოლიტიკაში არის ნარჩენების გონივრული მართვა, წყლის ინტეგრირებული მენეჯმენტი, ენერგიის ეფექტურად გამოყენების და ინფრასტრუქტურის განვითარების დროს წარმოქმნილი ზიანის შემცირება. ასე რომ, ეს საკითხები იყო ჩვენი ყურადღების საგანი. კომიტეტმა ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ნინო წილოსანს, ის ძალიან აქტიურად და სამოქალაქო საზოგადოებასთან კარგი თანამშრომლობით, უძღვებოდა კომიტეტის საქმიანობას. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა კომიტეტის აპარატს, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად მუშაობს ამ საკითხებზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.