არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რას აკეთებს პარლამენტი კორონავირუსის პანდემიის პირობებში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა საქმიანობას ახორციელებს საკანონმდებლო ორგანო კორონავირუსის პანდემიის პირობებში.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დეპუტატები აქტიურად არიან ჩართულნი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, პრემიერ-მინისტრთან, ასევე მინისტრებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად განიხილავენ იმ ამოცანებსა და პრობლებებს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებები არის მისაღები და რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეები რეაგირებას ელოდებიან.
„პრაქტიკულად, მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ აქტივობას დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს და ქვეყნის მასშტაბით კლინიკების მზაობას ეს გუნდი აკონტროლებს. ეს არ არის მხოლოდ მონიტორინგი, ეს არის მხარდაჭერაც. იქ, სადაც იყო საჭიროება კონსულტაციების და კონკრეტული გადაწყვეტილებები იყო მისაღები, სწორედ, ეს გუნდი არის ის, ვინც ამას სწრაფ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აკეთებს. დიმიტრი ხუნდაძე და ჩვენი კოლეგები პირადად იმყოფებოდნენ ცხელების ცენტრებსა და რეგიონებში არაერთ კლინიკაში, სადაც ვირუსის წინააღმდეგ სერვისების მიწოდება ხდება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, კანონმდებლები ასევე ჩართულნი არიან ეკონომიკური გეგმების მომზადებაში.
„საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი კომიტეტები ჩართული არიან ამ მიმართულებით და მთავრობასთან ერთად მუშაობენ. როგორც გითხარით, პაკეტები ორ ძირითად კომპონენტად მუშავდება. ერთია, კრიზისული პაკეტი – ახლა რას ვაკეთებთ, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორისთვის, მეორე არის – კორონავირუსის პანდემიის შემდეგი პაკეტი. ანუ, ეს არის ეკონომიკის აღდგენის გრძელვადიანი პაკეტი. ამის თაობაზე აღნიშნული კომიტეტები მუშაობენ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თალაკვაძის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ რეგიონებსა და რაიონებში ხდება კოლოსალური დახმარებისა და ძალისხმევის კონსოლიდირება.
„მაჟორიტარი დეპუტატები ორგანიზებას უკეთებენ დახმარებებს, რაც ეხება მოქალაქეების პროდუქტების ძირითად მარაგს, კომუნალურ გადასახადებს, ინტერნეტით უზრუნველყოფასა და ა.შ.“, – განაცხადა თალაკვაძემ.