არჩილ თალაკვაძე - განხილვების დეტალებზე საზოგადოებას მოგვიანებით მოვუყვებით და დარწმუნდებიან, პროცესის მოგვარების რამდენად სამართლიანი გზები იყო შეთავაზებული ხელისუფლებისგან
ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რომლის დეტალებზეც მოგვიანებით საზოგადოებას ძალიან ღიად მოვუყვებით და საზოგადოება დარწმუნდება, რამდენად საამართლიანი, კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და ამ პროცესის მოგვარების გზები იყო შეთავაზებული ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს შეთანხმებიდან გამომდინარე მოლაპარაკების შინაარსზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
„ვიცავთ წესებს, რაზეც შევთანხმდით მოლაპარაკების წინ და ამ დეტალებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღესვე არ შეგვიძლია პასუხების გაცემა თითოეულ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც განიხილებოდა ამ ორი-სამი დღის განმავლობაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განმარტებით, მმართველი გუნდი თავის პასუხისმგებლობას ხედავს იმაში, რომ ქვეყნის მართვა და ძირითადი საჯარო, სახელმწიფო ფუნქციების უზრუნველყოფა გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში, „საზოგადოება არ დაზარალდეს ზოგიერთ შემთხვევაში დესტრუქციული ქმედებით“.
„ჩემ წილ პასუხისმგებლობას და ჩვენს პასუხისმგებლობას პირველ რიგში ვხედავთ იმაში, რომ ქვეყნის მართვა და ძირითადი საჯარო და სახელმწიფო ფუნქციების უზრუნველყოფა იყოს უწყვეტ რეჟიმში, საზოგადოება არ დაზარალდეს იმ გადაწყვეტილებებით, თუ ზოგიერთ შემთხვევაში დესქტრუქციული ქმედებით, რასაც ვხედავდით ამ თვეების განმავლობაში, ეს არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა. მეორე – ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მოქალაქეებმა ეს დააფიქსირეს 2020 საპარლამენტო არჩევნებში.
შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვმონაწილეობთ ამ დიალოგში, ვფიქრობ სწორედ მომავალზე და ჩვენ გვინდა, რომ სწორედ მომავალში თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი სახის ესკალაცია, დესტრუქცია, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ შემთხვევაში შემიძლია, გითხრათ, რომ საზოგადოების, ხელისუფლების, ევროკავშირის და ჩვენი ძირითადი პარტნიორების ხედვა ემთხვევა ერთმანეთს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლაპარაკებებში ვართ, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანები მაინც გახლავთ, ვუპასუხოთ გამოწვევებს, რაც რეგიონში ცვლილებებთან არის დაკავშირებული, შევძლოთ კოვიდპანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და წარმატებით დავასრულოთ ვაქცინაციის პროცესი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ, როგორც სახელისუფლებო გუნდი, შემდეგი თვეების განმავლობაში ვიქნებით კონცერტირებული. რა თქმა უნდა, ამავე დროს, მზად ვართ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილთან მოლაპარაკების პროცესი განვაგრძოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.