არჩილ თალაკვაძე - განცხადებები იმის თაობაზე, ვის მოუწევს კომისიის სხდომაზე მისვლა და ვის არა, ოპოზიციის მხრიდან სენსაციის შექმნას ემსახურება
წინასწარი განცხადებები იმის თაობაზე, ვის მოუწევს კომისიაში მოსვლა და ვის არ მოუწევს, ოპოზიციის მხრიდან სენსაციის შექმნას ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დღეს დამტკიცდება და კომისიის წევრთა უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები იქნებიან.
„დამტკიცების შემდეგ კომისია საქმიანობას შეუდგება და ვფიქრობ, სამი თვის ვადა საკმარისი იქნება, რათა კომისიამ ფუნქცია შეასრულოს. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე. დასკვნა იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მხარეებს ექნება საშუალება, რომ სხდომებში მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება არასრულწლოვანების შესხებ პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ დავიცავთ მაღალ სტანდარტს. ამ კომისიასთან მიმართებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა სახე. ბიუროს სხდომაზე ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ კომისიის შექმნას, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ და მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას, მათ შეცვალეს გადაწყვეტილება და დღეს ამბობენ, რომ კომისიის შექმნას, რასაც თვითონაც ითხოვდნენ, აზრი არ აქვს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა ამ საქმეზე არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ რეალურად ამ საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, წინასწარი განცხადებები იმის თაობაზე, ვის მოიწევს კომისიაში მოსვლა და ვის არ მოუწევს, ოპოზიციის მხრიდან სენსაციის შექმნას ემსახურება.
თალაკვაძის განცხადებით, კომისიის სხდომაზე ყველა ადამიანი მივა, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარება მართლმსაჯულების განხორციელებას.
„არაერთი წინასწარი განცხადებაც გაკეთდა, რომ ეს ადამიანები ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, არანაირ შეფერხებებს ამ კომისიის მუშაობაში არ ველოდები. გამოძიება ემსახურება იმას, რომ კითხვის ნიშნები რაც რჩება, ამოიწუროს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.