არჩილ თალაკვაძე - განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ვის აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მანდატს, საზოგადოების ნდობას პასუხისმგებლობით ეკიდება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.
არჩილ თალაკვაძემ ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა.
„რის გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად ამ წლების განმავლობაში, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სფეროში საზოგადოებასთან ერთად? პირველ რიგში, ჩვენ გვერდით დაუდექით ოჯახებს, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ფინანსური ტვირთი. ისევე როგორც ჯანდაცვა დაუბრუნდათ მოქალაქეებს, ისევე როგორც დაუბრუნდათ უსაფრთხოება და ევროპული პერსპექტივა, ჩვენმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, დააფინანსა სახელმძღვანელოები, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა ოჯახებისთვის. ორი ათასზე მეტ სკოლაში დღეს მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ ნაყიდ სახელმძღვანელოებს იღებენ. ჩვენ დავხარჯეთ მეტი ფული ტრანსპორტისთვის, რათა იმ ადგილებში, სადაც მოქალაქეებს ურთულდებოდათ საკუთარი შვილების სკოლებში მიყვანა, სახელმწიფომ დანიშნა ტრანსპორტი. ჩვენ სრულად დავაფინანსეთ და ოჯახებისთვის უფასო გავხადეთ სკოლამდელი განათლება. სერიოზული რეფორმა დავიწყეთ პროფესიულ განათლების კუთხით და განათლების სფეროს ბიუჯეტი ოთხჯერ გავზარდეთ, რაც მიუთითებს, თუ რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევს ხელისუფლება განათლების სექტორს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ მასწავლებლების ხელფასები გავზარდეთ და ასევე, დიდი რესურსი დავხარჯეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე.
დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ – საკმაოდ მშვიდი, საქმიანი დღე იყო. ის, რომ ოპოზიცია გავიდა დარბაზიდან და არავინ დარჩა, ნიშნავს, რომ ამ სფეროში ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია და არ აქვს ერთი მიზეზით – იმიტომ კი არა, რომ არაფერი აღარ არის გასაკეთებელი ამ სფეროში, რადგან ვერ ხედავენ პოლიტიკური ქულების პოპულიზმით დაწერის შესაძლებლობას. წარმატებები ჩვენს ქვეყანას, წარმატებები განათლების სამინისტროს, სამინისტროს გუნდს მინისტრის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.