არჩილ თალაკვაძე - გამოვხატავთ მზადყოფნას, თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი
გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს მისცემს საშუალებას კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ და თუ მართლა სურთ პარლამენტში შესვლა, შევიდნენ პარლამენტში.
„ეს ნიშნავს, როდესაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, „ქართულ ოცნება“ გამოხატავს მზადყოფნას, რომ უპრობლემოდ ჩააბაროს ეს ტესტი თვითმმართველობის არჩევნებში. 40 პროცენტი არის საკმარისი ლეგიტიმაცია, რათა მმართველობის პასუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ აიღოს საკუთარ თავზე. ეს ტესტი არის ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.