არჩილ თალაკვაძე - გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენება მიეცა მუხთარლის, დღეს პროკურატურას აქვს შესაძლებლობა, საქმეზე მეტი ინფორმაცია მიიღოს
არჩილ თალაკვაძე - გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენება მიეცა მუხთარლის, დღეს პროკურატურას აქვს შესაძლებლობა, საქმეზე მეტი ინფორმაცია მიიღოს

გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენება მიეცა თვითონ მუხთარლის. კარგია, რომ დღეს პროკურატურას აქვს შესაძლებლობა, ამ საქმეზე მიიღოს მეტი ინფორმაცია და ასევე პირადად მიიღოს ინფორმაცია იმ ადამიანისგან, ვინც ასეთ ბრალდებებს უყენებდა სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მუხთარლის საქმეზე პასუხები არა პოლიტიკოსებმა, არამედ საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა გასცეს.

„ჩემი პასუხი არის ძალიან უბრალო და გასაგები ამ საქმესთან დაკავშირებით. საკმაო დროის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, ამ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენება მიეცა თვითონ მუხთარლის. კარგია, რომ დღეს პროკურატურას აქვს ამის შესაძლებლობა, რომ ამ საქმეზე მიიღოს მეტი ინფორმაცია და ასევე პირადად მიიღოს ინფორმაცია იმ ადამიანისგან, ვინც ასეთ ბრალდებებს უყენებდა სახელმწიფოს.

ხელისუფლების პასუხისმგებლობა ერთი მხრივ, არის მედიის თავისუფლება და თქვენც ხედავთ აგერ, მიკროფონების რაოდენობას და კრიტიკულ კითხვებს, რომელსაც თქვენ სვამთ და ჩვენ ვპასუხობთ. არც ერთი მედიასაშუალება არ იზღუდება და არ არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმის გამო, რომ სვამს კრიტიკულ კითხვებს, ეს რაც შეეხება მუხთარლის, როგორც ჟურნალისტს. რაც შეეხება იმ ბრალდებებს და იმ კონკრეტულ საქმეს, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, ვფიქრობ, ამაზე პასუხები არა პოლიტიკოსებმა, არამედ საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა გასცეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გუშინ გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, აფგან მუხთარლის გამოკითხვა ვერ შედგა, რადგან თარგმნის პრობლემა იყო.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აფგან მუხთარლის გამოკითხვა სავარაუდოდ 9 აპრილს გაგრძელდება.