არჩილ თალაკვაძე - გამოცდილი გუნდითა და ახალი გეგმებით მზად ვართ, კვლავ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე
განათლების სისტემის რეფორმირებით და დაფინანსების გაზრდით, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობითა და განახლებით, კერძო სექტორის სერვისებისა და მეწარმეების აქტიური ხელშეწყობით აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, მათ შორის რუსთავში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წარუდგინეს.
„მადლობას გიხდით თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს კამპანიაში მონაწილეობისთვის. 2020 წლის არჩევნებში, რა თქმა უნდა, რუსთავთან ერთად ვაპირებთ გამარჯვებას. რა განაპირობებს საზოგადოების ნდობას ჩვენი გუნდის მიმართ და რატომ ირჩევენ მოქალაქეები „ქართულ ოცნებას“ – „ქართულმა ოცნებამ“ უკეთ და წარმატებით შეძლო, დაეცვა მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტური პირობა. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ეზრუნა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. შეძლო უზრუნველეყო ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, შეძლო სწორი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გატარება. გამოცდილი გუნდითა და ახალი გეგმებით მზად ვართ, კვლავ ავიღოთ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. განათლების სისტემის რეფორმირებით და დაფინანსების გაზრდით, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობითა და განახლებით, კერძო სექტორის სერვისებისა და მეწარმეების აქტიური ხელშეწყობით აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, მათ შორის რუსთავში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას.
„მთელი ყურადღება გვაქვს მობილიზებული მომავალზე და მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. მინდა, მხარი დავუჭირო ნინო ლაცაბიძეს – განათლებული, პროგრესული და წარმატებული ქალი, პოლიტიკოსი, რომელიც ამ წლების განმავლობაში კომუნიკაციაში იყო საზოგადოებასთან, თითოეულ მოქალაქესთან, ვინც ის აირჩია და ჰქონდა მისი იმედი. მას შეუძლია, რუსთავისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა და თქვენი საჭიროებების მიტანა ხელისუფლებასთან. დეპუტატისა და მაჟორიტარის ფუნქციაც ეს არის. მისი განათლებით, სამუშაო გამოცდილებით, ურთიერთობით, კონტაქტებით, ლიდერის თვისებებით, რომლებიც ნინოს აქვს, ის თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.