არჩილ თალაკვაძე - გამჭვირვალობის შესახებ ინიციატივა ეხება მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს, დაფინანსების წყაროსა და მიზნების დამალვის მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიას
არჩილ თალაკვაძე - გამჭვირვალობის შესახებ ინიციატივა ეხება მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს, დაფინანსების წყაროსა და მიზნების დამალვის მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიას

საქართველოსაც დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება, რომ ქვეყნის სამოქალაქო თუ ნებისმიერი სხვა სექტორი იყოს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეებთან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მოქალაქეებისთვის დაფინანსების წყაროს და მიზნების დამალვა დემოკრატიას, გამჭვირვალობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

„არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. არავის მივცემთ  საშუალებას, რომ არასწორი არგუმენტებით, უსაფუძვლოდ ისევ სცადონ თავდასხმა ხელისუფლებასა და ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. რეალურად, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობამ, შემოვიტანეთ ინიციატივა, რომელიც ეხება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ორგანიზაციებისთვის და ორგანიზაციებს უწესდებათ იგივე ვალდებულება, რაც აქამდე ჰქონდა ბიზნესს, საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებს. ეს არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება, სადაც იქნება მითითებული, საიდან მოდის დაფინანსება, მითითებული იქნება ძირითადი ინფორმაცია, რასაც ყველა სხვა სექტორი, მათ შორის ჩვენც, თანამდებობის პირები, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ფარგლებში ვაბარებთ. მით უმეტეს, როცა ასეთი დირექტივა, სტანდარტი და საკანონმდებლო ინიციატივები უკვე აქვს არაერთ განვითარებულ ქვეყანას. საქართველოსაც დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება, რომ ქვეყნის სამოქალაქო თუ სხვა ნებისმიერი სექტორი იყოს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეებთან. მინდა, შევახსენო ყველას, ვინც უკვე გამოვიდა მოუმზადებელი კრიტიკით, რომ დემოკრატიის მთავარი საფუძველი არის ინფორმირებული საზოგადოება და მოქალაქეები. ვიღაც როცა ცდილობს, მოქალაქეებს დაუმალოს დაფინანსების წყარო და მიზნები, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიას და გამჭვირვალობის პრინციპს. ეს კანონი ემსახურება ერთადერთს – ისევე როგორც სხვა სექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის სტანდარტს აკმაყოფილებდნენ და მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია. მინდა, ჩვენი მოქალაქეების გასაგონად ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციებს. არამც და არამც არ ეხება ფიზიკურ პირებს, არცერთი პროფესიის წარმომადგენელს, არც სტუდენტებს, არც მეწარმეებს, არც სოფლის მეურნეობაში თუ სოციალურ სერვისებში დასაქმებულებს. ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ უცხოური დაფინანსება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.