არჩილ თალაკვაძე - გაკვირვებული ვარ იმით, რა სპეკულაციებიც მოვისმინე სიძულვილის ენაზე
გაკვირვებული ვარ იმით, რა სპეკულაციებიც მოვისმინე სიძულვილის ენაზე, მათ შორის ზოგიერთი ისეთი ადამიანისგან, ვინც თითქოს, საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციების ცოდნაში საზოგადოებას თავს ექსპერტად სთავაზობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელმაც საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ორდღიანი მუშაობა შეაჯამა.
თალაკვაძის თქმით, სიძულვილის ენა საერთაშორისო კონვენციით და საერთაშორისო სტრუქტურების მიერ არის განსაზღვრული.
„სიძულვილის ენაზე რეკომენდაცია ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს ეკუთვნის. ეს რეკომენდაცია პროექტში სწორედ ამიტომ მოხვდა. საუბარია იმაზე, რომ ეთნიკური, რელიგიური და გენდერის ნიშნით ადამიანების წინააღმდეგ აგრესიული კამპანიის და რაიმე შეტევის ორგანიზება არ მოხდეს. რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ თავისი აქტივობა არ უნდა დააფუძნოს ამ ნიშანზე, რასაც საერთაშორისო სტანდარტები არეგულირებს, კრძალავს და მიუღებლად მიიჩნევს“, – დასძინა თალაკვაძემ.
საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დღეს დასრულდა. ამ ფორმატში მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები წარუდგინა. პროექტით იცვლება პარტიების დაფინანსების წესი, სარეკლამო დრო ახლებურად ნაწილდება. ასევე, ანტირეკლამის განთავსებაზე ახალი რეგულაციები წესდება. ამას გარდა, მაუწყებლებს ეკრძალებათ ტელეეთერში ისეთი წინასაარჩევნო რგოლის განთავსება, რომლის შინაარსი საქართველოს კანონმდებლობას აშკარად ეწინააღმდეგება. მმართველი გუნდი აღნიშნული პროექტის ინიცირებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.