არჩილ თალაკვაძე - გაერო-ს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს
არჩილ თალაკვაძე - გაერო-ს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს

გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რეზოლუციაში ხაზგასმით არის ნათქვამი ის დარღვევები და უკანონო ოკუპაციის საკითხი, რომელიც საქართველოს ორ რეგიონში ხდება.

„რეზოლუციაში არის კონკრეტული საკითხები დაყენებული, როგორიც არის დევნილების უფლება, რომ დაუბრუნდნენ თავის საცხოვრებელ ადგილს. ამის გარდა, რუსეთი მთელ რიგ პირობებს არღვევს, მათშორის, იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში. ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის ნაწილი ყოველდღიურად დაკავებულია, რომ როგორმე საერთაშორისო ფორმატებში ზიანი მიაყენოს ხელისუფლების გაწეულ სამუშაოს. ვფიქრობთ, მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს, აუცილებლად გამოგვადგება, რომ ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს. ჩვენ კონკრეტული მშვიდობიანი ინიციატივა გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები თანამოქალაქეების მიმართ, რომელიც გულისხმობს სოციალური, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და საერთაშორისო მოგზაურობის ბენეფიტების პროგრამების შესაძლებლობების მათთვის გაზიარებას. დღეს ამ საკითხის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ჩვენი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ არის მიმართული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გაერო-ს რეზოლუციას უპრეცედენტოდ ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც მიუთითებს რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად მუშაობს.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.