არჩილ თალაკვაძე - გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ ჯერ ვერ გაარკვიეს, პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან, როგორც ჩანს, მელია კვლავ რჩება ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ხაბეიშვილი - მელიას გულისტკივილად
გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიას გულისტკივილად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ფაზაშია.
„„ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებს დაშლილი და დასუსტებული შეხვდება, რაც ლოგიკური შედეგია – რაც დათესეს, იმას იმკიან. სინამდვილეში, ამ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავს. მათი ყოფილი ლიდერი, რომელიც დღეს პატიმრობაშია, ყველაფერს აკეთებს, რომ პარტიის შიგნით ბრძოლა იყოს და ვერავინ შეძლოს ლიდერობის მოპოვება. სწორედ ამ ხერხით ცდილობს, შეინარჩუნოს ლიდერობა და მითი, რომ თავად არის პარტიის უცვლელი ლიდერი. ამაზე მეტყველებს ყველა განცხადება და მოქმედება, რომელიც სააკაშვილსა და მის გარემოცვას აქვთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.