არჩილ თალაკვაძე - ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე ოპოზიციიდან პოლიტიკური ჯგუფები მოსაზრების გასაჯაროებაზე თავს იკავებენ, რაც კითხვებს აჩენს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველას ექნება საშუალება, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ მმართველი გუნდის ინიციატივაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და მოსაზრებები წარადგინოს.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციიდან პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულების გასაჯაროებაზე თავს იკავებენ.
„უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ეს ინიციატივა წარუდგინა საზოგადოებას, მან ამომწურავად ისაუბრა არგუმენტებზე. რაც მთავარია, პარლამენტში ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა, ჩაერთონ განხილვაში. შესაბამისად, ყველას ექნება საშუალება, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და მოსაზრებები წარადგინოს. ჯერჯერობით აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციიდან პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მოსაზრებებისა და დამოკიდებულების გასაჯაროებაზე თავს იკავებენ, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ასევე, მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს კანონპროექტი და ინიციატივა უნდა ჩამოყალიბდეს, შემუშავდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრული შესაბამისობით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.