არჩილ თალაკვაძე - თუ „ფრიდომ ჰაუსი" შეცდომებს არ შეასწორებს, ეს ამ ორგანიზაციის კვლევებისადმი უნდობლობას გააღრმავებს
„ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში არის უკიდურესად ტენდენციური და მიკერძოებული, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გარემოებები, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ფრიდომ ჰაუსს” მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს.
„როდესაც საუბარია მედიის თავისუფლებაზე, თითქოს ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებულია, გეტყვით, რომ შედარებაც არ შეიძლება წინა პერიოდთან, როდესაც მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული. დღეს ბევრად მეტი მედიასაშუალება გვაქვს, ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ. დღეს ხელისუფლებისადმი კრიტიკა არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ მედია საქართველოში არის თავისუფალი. მეორე პრობლემა რაც ვნახეთ, ეს არის უხეში შეცდომა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც საუბარია, თითქოს მან შეწყვიტა საპარლამენტო სხდომების ტრანსლირება. ეს არის არასწორი ინფორმაცია და ამაზე მითითების შემდეგ, ეს შეცვალა „ფრიდომ ჰაუსმა”. ორგანიზაციამ ასევე უნდა შეცვალოს ყველა ის ხარვეზი და ტენდენციური დასკვნა, რაც ანგარიშშია მოცემული. ასევე, ძალიან მიკერძოებულია შეფასებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. იცით, რომ მან საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და დაბრუნდა კერძო სექტორში, ამ ანგარიშში კი სრულიად სხვა შეფასებებია გაკეთებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ფრიდომ ჰაუსი“ ამერიკული ორგანიზაციაა და საქართველოს ძალიან უფრთხილდება აშშ-სთან ურთიერთობას.
„სწორედ ამიტომ ამ ორგანიზაციის ანგარიშს ყურადღებით გავეცანით და გავაკეთეთ ობიექტური რეაქცია. ეს მიკერძოებული ანგარიში ვერ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, მაგრამ „ფრიდომ ჰაუსს“ მართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს. თუ ამ შეცდომებს არ შეასწორებენ, ეს მხოლოდ გამოიწვევს ამ ორგანიზაციის კვლევების მიმართ უნდობლობის გაღრმავებას, ნიჰილიზმის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ საქართველოსა და რეგიონში “ფრიდომ ჰაუსის” ინტერესებს დააზიანებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა და ჩაასწორა.
ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ დახურა მეორე არხი, რომელიც პარლამენტის სხდომებს გადასცემდა. „აღნიშნული ანგარიშის წინა ვერსიაში არასწორად იყო ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი დაიხურა. არხი ამ დრომდე ოპერირებს, თუმცა მისი კონტენტი შემცირებულია“, – აღნიშნულია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის შესწორებაში, რომელიც ანგარიშს ერთვის.
ამასთან, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2017 წელს მედიის დამოუკიდებლობის კუთხით არსებული ვითარება იმავე ქულებით არის შეფასებული, როგორც 2009, 2010, 2011, 2012 წლებში. ორგანიზაციის შეფასებით, შედარებით გაუმჯობესებული იყო მედიაგარემო 2014-დან 2017 წლამდე პერიოდში. ამ დროს საქართველოს რეიტინგში 4,00 ქულა აქვს მინიჭებული.