არჩილ თალაკვაძე - „ფორმულას“ შესახებ ინფორმაცია არის ჟურნალისტებს ამოფარებული დანაშაულებრივი კლანის კიდევ ერთი მხილება, ნახევარი მილიონი გადაიხადეს საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ფარას“ კანონზე დაყრდობით, ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა მორიგი ინფორმაცია, როგორ ცდილობდა ამჯერად ტელეკომპანია „ფორმულა“ და მისი მენეჯმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ხელისუფლების ინტერესების დაზიანებას.
თალაკვაძის თქმით, რაც ყველაზე საოცარია, ამაში თითქმის ნახევარი მილიონი დოლარია გადახდილი.
„ტელეკომპანია „ფორმულა“ ერთი-ერთში დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“. არა საქართველოს ინტერესების ლობირებისთვის და თავისუფალი მედიის საკითხებისთვის, არამედ ფულს იხდის იმაში, რაშიც იხდის ხოლმე „ნაციონალური მოძრობა“ და სააკაშვილის გარემოცვა. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ცხადია, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტები, სამწუხაროდ, თავისუფლად ვეღარ საქმიანობენ და იმყოფებიან მენეჯმენტის პირდაპირი ზეწოლის ქვეშ, რომელთაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა. ეს არის ჟურნალისტების საქმიანობაში ძალიან უხეში ჩარევა და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ველოდებით უკვე დღეს, სად იქნებიან, როგორ ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ და გააკრიტიკებენ ამ ყველაფერს ის ადამიანები, რომლებიც ტრადიციულად ძალიან მაღალ ხმაზე იცავენ ხოლმე მედიის თავისუფლებას. სინამდვილეში, ამ ადამიანებს არავითარი კავშირი არ აქვთ თავისუფალ მედიასთან. მათ მედია სჭირდებათ ერთადერთისთვის, რომ ის გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული დანაშაულებრივი კლანის კიდევ ერთი მხილება, სადაც მათ ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადეს საკუთარი ქვეყნის, საქართველოს იმიჯის დაზიანებაში და იმის ლობირებაში, რომ საქართველო როგორმე წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ დავშორდით დემოკრატიას და საქართველო აღარ არის დასავლური ოჯახის ნაწილი. ასეთ სამარცხვინო საქმეში არის ეს ფული გადახდილი. მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ველოდებით კიდევ არაერთ ინფორმაციას და, სავარაუდოდ, უფრო მეტი გახდება ცნობილი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.