არჩილ თალაკვაძე - ფაროსანას პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა, მოხალისეთა კორპუსი გააქტიურდეს
არჩილ თალაკვაძე - ფაროსანას პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა, მოხალისეთა კორპუსი გააქტიურდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ აზიური ფაროსანას პრობლემასთან გასამკლავებლად მოხალისეთა კორპუსი უნდა შეიქმნას.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ფაროსანა გამოწვევაა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის სოფლის მეურნეობის სისტემას უქმნის საფრთხეს.

„საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გარკვეულ დახმარებას მივიღებთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მთავრობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებთან ერთად, სასურველი და საჭიროა, რომ მოხალისეთა კორპუსი გააქტიურდეს და ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ამ პრობლემას, სანამ ფაროსანა უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. უნდა შევეცადოთ, უმოკლეს დროში გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ყველა ღონისძიება, რომელსაც ოპოზიცია მოითხოვს, ხელისუფლების მხრიდან უკვე დაგეგმილი და განხორციელების პროცესშია.