არჩილ თალაკვაძე - ევროსასამართლოში სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მაინც არ გვიკადრებია და გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი გამარჯვება, ესაა საქართველოს გამარჯვება
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამარჯვებული არის საქართველო.
თუმცა, თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საქმეში მეორედ გაიმარჯვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არა საქართველომ. თალაკვაძის შეფასებით, ის თავს აიგივებს სახელმწიფოსთან და სამართალთან.
„ჩვენი პირველი რეაქცია, ჩვენი განცხადებები იყო ზუსტად ეს, რომ ამ საქმეში გაიმარჯვა საქართველომ. რომ შევადაროთ, რა იყო ჩვენი ოპონენტების და მიხეილ სააკაშვილის რეაქცია, მან თქვა, რომ ამ საქმეში მეორედ გაიმარჯვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არა საქართველომ. ანუ, ის თავის თავს აიგივებს სახელმწიფოსთან, სამართალთან, და მე არ ვიცი, რა იყო მისი პირველი გამარჯვება. დღეს ჟურნალისტებსაც ვკითხე და ვერავინ გაიხსენა, მაგრამ მისი მეორე გამარჯვება რომ არ არის, ეს ცხადზე უცხადესია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის განმარტებით, 700-ზე მეტი მტკიცებულება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს შეგროვდა.
„700-ზე მეტი მტკიცებულება სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში შეგროვდა და, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წლამდე, ვიდრე თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამსახურებმა არ დაიწყეს ამაზე მუშაობა, ელემენტარულად ამ საერთაშორისო სამართლებრივ დავაზე ჩვენ არ გვქონდა წარდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის მაგალითად, ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტგები, არ გვქონდა წარდგენილი სეისმური სადგურების ჩანაწერები, რადარების მონაცემები, ვიდეომტკიცებულებები, როდესაც აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ ტყვეებს, არ გვქონდა წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერები და ის დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ გამოსცა ომის პერიოდში.
შესაბამისად, ამ ყველაფრის დოკუმენტირება, მოძიება და წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ, ჩვენ მაინც არ გვიკადრებია და არ გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების გამარჯვება, ჩვენ ვამბობთ, თავიდანვე ვთქვით და დღესაც ვიმეორებთ, ეს არის საქართველოს გამარჯვება.
სამწუხაროდ, თუ ღიმილისმომგვრელად, ასე არ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი და ის ასე რომ არ ფიქრობს და არც ფიქრობდა, სწორედ ამიტომ 2012 წლიდან საზოგადობამ ის პოლიტიკიდან გაიყვანა, და გარწმუნებთ, რომ არჩევნების გზით ის ვერასოდეს ვერ დაბრუნდება, რა თქმა უნდა, არც არეულობის შესაძლებლობას მას აქ არავინ მისცემს. ის ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები, თანაპარტიელები, თუმცა ისიც ვნახეთ, რას ფიქტობენ მასზე თავისი თანაპარტიელები და ეს იყო აბსოლუტურად ობიექტური შეფასება, მისი დრო დასრულდა, დღეს მოდის ახალი ოპოზიცია, ჩვენ გვაქვს ახალი კონსტიტუცია, თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკვე მერამდენედ ჩატარდა და ნახეთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტში 9 პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება, იმუშაოს, მეტი ქალი არის წარმოდგენილი და შეცვლილია საარჩევნო სისტემა, რომელზეც ყველა პოლიტიკური თაობა საქართველოში ოცნებობდა. ეს მხოლოდ ჩვენი, „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდა, შეიცვალა ის პროპორციულით, შეიცვალა კონსტიტუცია, შემოვიტანეთ საპარლამენტო მმართველობა, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი“, – განაცხადა თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.