არჩილ თალაკვაძე - „ევროპულმა საქართველომ“ ბოიკოტით იმდენი „მოახერხა“, რომ ერთ-ერთი ბოლო ადგილზე გასული პარტიაა, მისი ლიდერები საერთოდ ვერ მოხვდნენ პარლამენტში
არჩილ თალაკვაძე - „ევროპულმა საქართველომ“ ბოიკოტით იმდენი „მოახერხა“, რომ ერთ-ერთი ბოლო ადგილზე გასული პარტიაა, მისი ლიდერები საერთოდ ვერ მოხვდნენ პარლამენტში

„ევროპულმა საქართველომ“ ბოიკოტით იმდენი „მოახერხა“, რომ ერთ-ერთი ბოლო ადგილზე გასული პარტიაა, მისი ლიდერები საერთოდ ვერ მოხვდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, იმის გამო, რომ აღნიშნულმა პარტიამ დესტრუქციული პოლიტიკა აირჩია, საზოგადოებამ არჩევნებზე მას ხმა აღარ მისცა.

„ვნახოთ, ერთად დაველოდოთ, ვინ რას აპირებს. ყველაფერი გამოჩნდება. ალბათ, მიზეზებს თქვენც ჩაუღრმავდებით, თუ კეთდება ეს ცვლილებები. „ევროპული საქართველო“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქციის მქონე პოლიტიკური ძალა გახლდათ. იმდენი „მოახერხეს“ საკუთარი ბოიკოტებით და დესტრუქციული პოლიტიკით, რომ ხალხმა მათ აღარ მისცა ხმა. ერთ-ერთ ბოლო ადგილზე გასული პარტიაა. რაც ყველაზე უარესი შედეგია მაგ პარტიისთვის გახლავთ ის, რომ პარტიის ლიდერები საერთოდ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ეს მიუთითებს, რომ როდესაც ამ ადამიანებმა დესტრუქციული პოლიტიკა აირჩიეს, საზოგადოებამ მათ აღარ მისცა საშუალება, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ საკმარისი წარმომადგენლობით. შესაბამისად, მათმა პოლიტიკამ და ამ ლიდერების პოლიტიკამ მაგ პარტიაში კრახი განიცადა. მათ პარლამენტში ადგილები დაკარგეს და გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე მცირე პოლიტიკური ჯგუფი, თანაც ლიდერების გარეშე.

ამიტომ თუ შიგნით მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს დღეს პრეტენზიები აქვთ იმ ლიდერებთან, რომლებმაც ასე შეიმუშავეს დღის წესრიგი, ალბათ ამის შედეგია. მათ დაარწმუნეს  მხარდამჭერები, რომ დემოკრატია და არ მონაწილეობა არის ერთი და იგივე. პარლამენტში მონაწილეობას თუ არ მიიღებ, სხდომებზე თუ არ ივლი, დებატებში თუ არ ჩაერთვები და მარტო დესტრუქციულ რეჟიმში თუ იქნები, ამით ქვეყანას და საზოგადოებას რაღაცას გაუკეთებ, ამ მიდგომამ კრახი განიცადა. დღეს თუ აქვთ პრობლემები პარტიაში, ალბათ ამის შედეგია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.