არჩილ თალაკვაძე - „ევროპული საქართველოს“ გავრცელებული მასალა უყურადღებოდ არ დარჩება, მაგრამ ეს ჩანაწერები უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს
არჩილ თალაკვაძე - „ევროპული საქართველოს“ გავრცელებული მასალა უყურადღებოდ არ დარჩება, მაგრამ ეს ჩანაწერები უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს

ყველგან ჩანს ჩვენი ოპონენტების მცდელობა, მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, უყურადღებოდ არ დარჩება, მაგრამ ეს ჩანაწერები იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს და ვფიქრობ, თავად ოპოზიციის რიგებშიც ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვება ასეთი სცენარებით არის შესაძლებელი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ სამართლიან, თავისუფალ გარემოში ტარდება.

„ეს შუალედური არჩევნების შემდეგ დაფიქსირებულმა საჩივრებმაც აჩვენა, რომელიც სულ რამდენიმე ათეული იყო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაში აქტივისტებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ და რატომ არის ეს იუმორისტული, თალაკვაძემ აღნიშნა: „ყველამ ნახეთ ეს ვიდეო. „ქართულ ოცნებას“ შინდისფერი ან ზოლიანი მაისურები არასოდეს არ ჰქონია საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენი მაისურები, ლოგო როგორ გამოიყურება, ყველამ იცით. რაც შეეხება ამ ვიდეოს, უყურადღებოდ არ დარჩება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა უბანზე „ძველი ბიჭია“ მობილიზებული და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დგანან.