არჩილ თალაკვაძე - „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს მოვუწოდებ, განმარტონ, რატომ კეთდება მათი პარტიის მხრიდან განცხადებები, რომ საარჩევნო ცვლილებების ჩავარდნას ელოდებიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, შეშფოთებულია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადებებით.
თალაკვაძის განმარტებით, „ევროპული საქართველოს“ წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ „სურთ და ელოდებიან, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებება ჩავარდება“.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა დროული განმარტებები უნდა გააკეთონ.
„ეს არის იმაზე კიდევ უფრო მეტად მძიმე განცხადება და დამოკიდებულება, ვიდრე სხდომაში უბრალოდ მონაწილეობის არმიღება და მხარდაჭერისგან თავის შეკავება. ამიტომ, მე მოვუწოდებ ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რომ დროულად გააკეთონ განცხადებები და განმარტონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. რატომ კეთდება მათი პოლიტიკური პარტიიის მხრიდან განცხადებები, რომ მათ სურთ და ელოდებიან, თუ როდის ჩავარდება ეს საარჩევნო ცვლილებები.
თუ ამასთან დაკავშირებით არ გაკეთდება ადეკვატური პოლიტიკური შეფასებები და არ იქნება განმარტებული, არის თუ არა ეს მთელი პოლიტიკური პარტიისა და ოპოზიციის, აი ამ ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ საერთო პოზიცია, ვინაიდან ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ამ ადამიანებს რეალურად არ სურთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, არ სურთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, არამედ მათი დღის წესრიგი არის დესტაბილიზაცია და ნორმალური პოლიტიკური პროცესის ბლოკირება. ამ დარბაზში და ამ პარლამენტში ჩვენ არაერთხელ გვინახავს ამის მცდელობები, თუმცა საზოგადოებას ჯერ კიდევ ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ეს პარტიები გამოიჩენდნენ მინიმალურ პასუხისმგებლობას და შეთანხმებას, რომელიც აიღეს საჯაროდ და პარტნიორების ფასილიტაციით ისინი შეასრულებდნენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ასე არ არის და პირიქით, ჩვენ ზუსტად ამის საპირისპირო რიტორიკას და ნაბიჯებს ვხედავთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.