არჩილ თალაკვაძე - ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა იმ პარტიებს, რომლებიც ტრადიციული ღირებულებებისკენ იყვნენ მოწოდებული, საქართველოც არის იქ, სადაცაა ევროპული საზოგადოება
ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე იმ პროგრამას, რომელიც ფუნდამენტური ფასეულობების, ტრადიციული ღირებულებებისკენ იყო მოწოდებული. ამით ევროპულმა საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
თალაკვაძის თქმით, საქართველოც არის იქ, სადაცაა ევროპული საზოგადოება და ევროპა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ხელოვნურად ხდება იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დისკრედიტაცია, რომლებიც საქართველოს და ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედია.
„ბატონი სტანო წარმოადგენს ევროპულ სტრუქტურებს და მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ სწორედ ევროპარლამენტის არჩევნებში ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე იმ პროგრამას, მოწოდებებს და პირობებს, რომლებიც ფუნდამენტური ფასეულობების, ევროპული და ტრადიციული ღირებულებებისკენ იყო მოწოდებული. ამით ევროპულმა საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა. საქართველოც იქ არის, სადაც ევროპული საზოგადოება და ევროპა. ჩვენთვის ის ღირებულებები და ფასეულობები არის ფუნდამენტური, ეს ყოველთვის იყო ჩვენი საზოგადოების და კულტურის ქვაკუთხედი. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ის, რაც არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძვირფასი, გამაერთიანებელი და ჩვენი საზოგადოებისთვის მაღალ ღირებულებას წარმოადგენს. ფაქტია, არის პოლიტიკური მანიპულაციები, საინფორმაციო შეტევა ადამიანის ცნობიერებაზე, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების. ხელოვნურად ხდება იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დისკრედიტაცია, რომლებიც ჩვენი და ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედია. ამიტომ ყველას, ვინც ამას პოლიტიკურად აკრიტიკებს, ვურჩევდი, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედოს თავიანთი საზოგადოების განწყობებში და იმ საკითხში, რატომ გახდა მთელ ევროპასა და საქართველოში ეს საკითხი აქტუალური, რატომ ხდება ისე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი უბრუნდება და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლის დასაცავადაც გამოვიდა „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება.
ოპოზიციას, რა თქმა უნდა, სძულს ყველაფერი, რაც არის ქართული, ტრადიციული, რაც აერთიანებს საზოგადოებას, ხელს უშლის მათ, რომ მოატყუონ მოქალაქეები და გვერდითა კარით დაბრუნდნენ როგორმე ხელისუფლებაში. გვახსოვს, ეს ხალხი როგორ ექცეოდა ოჯახებს, ეკლესიას, ღირებულებებს და ფასეულობებს, თან ამ ბინძურ საქმეს აკეთებდნენ ევროპის და დასავლეთის სახელით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. „ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს“, – ნათქვამია განცხადებაში.