არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით დაამტკიცა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია, მათ შორის ცვლილება, რომელიც ჩვენი დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით დაამტკიცა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია, მათ შორის ცვლილება, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს საკითხი პრიორიტეტულად რჩება საერთაშორისო დღის წესრიგში და ამას ადასტურებს ასამბლეის მაღალი მხარდაჭერა საქართველოს დელეგაციის მიერ შეთავაზებულ ცვლილებაზე.
„დელეგაციას ძალიან ძლიერი პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და რეზოლუცია, საბოლოო ჯამში, გამოხატავს იმ პოზიციას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი რჩება საერთაშორისო დღის წესრიგში პრიორიტეტულად, ამას ადასტურებს ასამბლეის მაღალი მხარდაჭერა ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებაზე. რა თქმა უნდა, რეიკიავიკის სამიტისთვის დაწყებულია მზადება. ეს იქნება მაღალი პოლიტიკური დონის ფორუმი, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, რომ, ერთი მხრივ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ გაიყვანოს ჯარები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ამის მყარი საფუძველი არის რეზოლუცია, რომელიც დაამტკიცა საპარლამენტო ასამბლეამ. მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს სამდივნოს, დელეგაციის ყველა წევრს, ჩვენს კოლეგებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარდაჭერისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა სხდომაზე და კენჭისყრის დროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.