არჩილ თალაკვაძე - ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციის შემდეგ არ იქნება გასაკვირი, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, კიდევ რაიმე განცხადებას გააკეთებენ
არჩილ თალაკვაძე - ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციის შემდეგ არ იქნება გასაკვირი, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, კიდევ რაიმე განცხადებას გააკეთებენ

ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციის შემდეგ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი, განსაკუთრებით ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, კიდევ რაიმე განცხადებას გააკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა თალაკვაძეს შეკითხვა დაუსვა: „ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იქნება საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია, ჩაიწერება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პუნქტი. რას ელოდება მმართველი პარტია, მიმდინარეობს თუ არა პარტნიორებთან ამ საკითხზე მუშაობა?“.

არჩილ თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირ რესურსს ხარჯავს, რათა როგორმე შური იძიონ ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ დაფუძნებულ პარტია „ქართულ ოცნებაზე“.

„ამ მუქარებში ახალი არაფერია. რეალურად, ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პარტნიორების საზღვარგარეთ კოორდინირებულ მოქმედებას, რაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირდაპირ პოლიტიკური შურისძიების სურვილია, ვინაიდან 2012 წელს მან ეს ძალა თავის მხარდამჭერებთან და ლობისტებთან ერთად, გაისტუმრა ხელისუფლებიდან დემოკრატიული წესების დაცვით, მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მზად იყვნენ საპირისპიროსთვის, კასრებში ჰქონდათ შენახული იარაღი, ფარული ჩანაწერები და ყველანაირად მზად იყვნენ არეულობისთვის, საზოგადოების პროტესტის დასარბევად და ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამის შემდეგ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირ რესურსს ხარჯავს – ფულს, ლობისტების მხარდაჭერას, შიდაპოლიტიკურ აქტივობას, რომ როგორმე შური იძიონ ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ დაფუძნებულ პარტია „ქართულ ოცნებაზე“.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლობისტების მუშაობის შედეგად (სხვათა შორის, 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას), ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და ვერც გაგვაკვირვებს, თუ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები ევროპარლამენტში, კიდევ რაიმე განცხადებას გააკეთებენ. სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლების, მმართველობის პირობებში, საქართველოში დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, საქართველოში დაბრუნდა კონკურენტული არჩევნები, რაც ოდირმა არაერთგზის ჩაწერა თავის დასკვნაში; დაბრუნდა პლურალისტური მედია, რომელიც ოთხიდან 20-მდე გაიზარდა და თქვენი მიკროფონები ამაზე მეტყველებს; დაცულია საკუთრების უფლება და ბევრი სხვა ცვლილება მოხდა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს სჭირდება. ჩვენ და ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად იცის, ვინც შეეცდება, რეალობა გადააკეთოს, ვინც შეეცდება, დეზინფორმაციით იძალადოს საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენც და მოქალაქეებიც მათ ცივილურად ყოველთვის გავცემთ პასუხს“, – განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.