არჩილ თალაკვაძე - ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა, რომ მაშინ, როცა უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, საქართველოც იმსახურებდა
ევროკომისიის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, შესაბამისობაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან, საქართველოს კრიტერიუმების ექვსი ჯგუფიდან სამ ჯგუფში საუკეთესო შედეგები აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმებს წარმატებით ახორციელებს.
„საქართველოს კრიტერიუმების ექვსი ჯგუფიდან სამ ჯგუფში საუკეთესო შედეგები აქვს. ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ველოდებით, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს თავად ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა და გასაკვირიც იქნება, თუ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, რეფორმები ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველო, საბოლოო ჯამში, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ანგარიშით დადასტურდა, რომ მაშინ, როცა უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რა თქმა უნდა, იმ დროს საქართველოც იმსახურებდა სტატუსის მიღებას.
„შესაბამისად, არ გვინდა, საზოგადოება რაიმე მოლოდინში შევიყვანოთ – ჩვენ ვაჩვენეთ გაწეული სამუშაო და ევროკავშირმა ეს სამუშაო საუკეთესოდ შეაფასა. ოპონენტებს დესტრუქციული კამპანია ჰქონდა, რომ თითქოს ჩვენ ამ კითხვარს სათანადოდ ვერ შევავსებდით. დღეს ამ ხალხსაც ევროკომისიამ პასუხი გასცა და უთხრა, რომ საქართველომ შეასრულა რეფორმები წარმატებით და საქართველოს თავსებადობა ევროკავშირთან შეფასდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო სამუშაო გასწია იმისთვის, რომ მიწოდებული ინფორმაცია ხარისხიანი და სანდო ყოფილიყო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.