არჩილ თალაკვაძე - დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღებაზე ევროკავშირმა მოთხოვნა მოხსნა, მათი მოთხოვნით, კანონს აღარ მივიღებთ
არჩილ თალაკვაძე - დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღებაზე ევროკავშირმა მოთხოვნა მოხსნა, მათი მოთხოვნით, კანონს აღარ მივიღებთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღების საჭიროება აღარ დგას და საკანონმდებლო ორგანო მსგავს კანონს აღარ მიიღებს, რადგან ევროკავშირის მხრიდან ეს მოთხოვნა მოხსნილია.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ევროკავშირთან კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ ევროპა საქართველოში დეოლიგარქიზაციის ასეთი კანონის მიღებას მხარს არ უჭერს.

„მანამდე ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცვლილებების ჩაგდების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სწორედ ისინი ითხოვდნენ კანონის მიღებას. სახელისუფლო გუნდს ევროკომისიასთან, ევროპელ პოლიტიკოსებთან კონსულტაცია ჰქონდა და მათი რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ცალკე კანონის მიღება საჭირო არ არის და ეს ევროკავშირის მოთხოვნებში აღარ იქნება შეტანილი, თუმცა შეთანხმება შედგა, რომ ეს პუნქტი შესრულებულად ჩაითვლება, თუ ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის შესახებ კომპლექსურ სამოქმედო გეგმას მიიღებს, რაც უკვე პრემიერ-მინისტრის მეშვეობით მომზადდა და მასზე მუშაობას პარლამენტი დაიწყებს. ევროკავშირმა ცალკე კანონის მიღებაზე თავისი მოთხოვნა მოხსნა, მათი მოთხოვნით, კანონს აღარ მივიღებთ, ამის საჭიროება არ არის, თუმცა მათთან შეთანხმებით უკვე მომზადდა სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, პარლამენტში უკვე ორი მოსმენით მიღებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა მოხდება თუ კენჭისყრაზე ჩაგდება. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი უკრაინულ მოდელს ემყარება.