არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ საქართველოს შსს-ს თანასწორ პარტნიორად აღიარებით თქვა, რომ ის აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანასწორ პარტიორად აღიარებით, ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ თქვა, რომ საქართველოს შსს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
როგორც თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, აღნიშნა, შსს არის მაგალითი, რომ საქართველო მიდის ევროპული ინტეგრაციის გზით.
„მინდა, გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპული ინტეგრაციის გზას, რას აკეთებს, რომ გახდეს ევროპული მთელ ქვეყანასთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ აღიარა თანასწორ პარტნიორად, ამით ევროკავშირის საპოლიციო უწყებამ თქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მასთან ერთად შეიძლება საერთო სამართალდამცავი ოპერაციების და ღონისძიებების ჩატარება. ასეთ ღონისძიებებზე ისაუბრა თვითონ მინისტრმა, როდესაც ის ანგარიშს გვაბარებდა. ეს არის ზუსტად თავსებადობა ევროსტანდარტებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტროც გახლავთ „ევროჯასტის“ თანასწორი პარტნიორი. საქართველო მიდის ევროპული ინტეგრაციის გზით და რეფორმებს აკეთებს სწორად და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამის მაგალითი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ამაზე მეტყველებს ის, რომ ყოველწლიურად მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი, მათ შორის ევროკავშირიდან ჩამოდის საქართველოში, ჩამოჰყავს თავისი ოჯახის წევრები, მშობლები და შვილები.
„ალბათ დამეთანხმებით, თუ ქვეყანა არ არის უსაფრთხო, აქ ნამყოფი ადამიანი თავის შვილებს მეორედ აქ არ ჩამოიყვანდა და ასეთი არის მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად. ეს რაოდენობა იზრდება.
რაც შეეხება მთავარს, მინდა, ქედი მოვიხარო სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მიმართ, მათი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ მადლობა გავუხადო სამინისტროს და მინისტრს, რომ ისინი ასე ზრუნავენ დღემდე ყველა იმ ოჯახზე, ყველა იმ ადამიანზე და იმ პოლიციელების ოჯახის წევრებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ჩვენი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, სრული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონი მინისტრის მიმართ და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.