არჩილ თალაკვაძე - ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დასკვნაში, რომელიც ეხება სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ საკანონმდებლო ცვლილებებს, საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს როგორც შერეულ, ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი, თუ რომელ საარჩევნო სისტემას აირჩევს, – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობა 2016 წელს დადო და შეასრულა, როდესაც ეს საკითხი კონსტიტუციაში აისახა. ის კი, რასაც ხელისუფლება ამჟამად სთავაზობს ოპოზიციას, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არის კომპრომისული და დაბალანსებული.
„ჩვენ დავდეთ პირობა 2016 წელს, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე და 2017-2018 წლებში ეს პირობა შევასრულეთ, ვინაიდან ავსახეთ კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და რომ ეს გადასვლა მოხდებოდა 2024 წელს. დღეს ოპოზიციას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და ჩვენ გვაქვს კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ეს არის დაბალანსებული, კომპრომისული მოდელი და ვფიქრობ, ოპოზიციაც ემზადება, რომ შემდგომი დიალოგის ფარგლებში განხილვა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.