არჩილ თალაკვაძე - ეს იყო ძლიერი გამოსვლა ლიდერის, რომლის უკანაც დგას ქვეყანა, ვისაც სამშვიდობო მისიებში გაგზავნილი ჰყავს ყველაზე მეტი ჯარისკაცი
ეს იყო ძლიერი გამოსვლა ლიდერის, რომლის უკანაც დგას ქვეყანა, ვისაც სამშვიდობო მისიებში გაგზავნილი ჰყავს ყველაზე მეტი ჯარისკაცი არაწევრ ქვეყნებს შორის, ვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველაზე საიმედო პარტნიორად მიიჩნევს დასავლეთი და ვინც არის რეგიონში რეფორმების ლიდერი, – ასე აფასებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
არჩილ თალაკვაძე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებებს გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა.
მისი თქმით, პრემიერმა მკაფიოდ და ხაზგასმით ისაუბრა რუსეთის ფაქტორზე და იმ საფრთხეებზე, რაც დასავლეთს ემუქრება რუსეთისგან. მან ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებით და ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის პასუხი იყო არასაკმარისი მაშინ, როდესაც ომი მოხდა და ამან გაათამამა რუსეთი.
„სამწუხაროა, დღეს ბატონი გიგა ბოკერია არ არის კარგად ნამეცადინები ამ გამოსვლასთან დაკავშირებით და ძალიან ზედაპირული შეფასებები გააკეთა. როცა თქვა, რომ პრემიერს არაფერი მოუთხოვია. მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით თქვა და მოითხოვა საქართველოსთვის მეტი მხარდაჭერა. მან კონკრეტული მიმართულებები გააჟღერა, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას, ეკონომიკას, განათლების სისტემას, საქართველოს ადგილს რეგიონში და უსაფრთხოების საკითხებს, მან ასევე დააანონსა მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ჩატარება.
ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა, მან ისაუბრა პარტნიორებთან დაკავშირებითაც. ვფიქრობ, ძალიან სწორი მესიჯები გაკეთდა და როდესაც გიგა ბოკერია ამბობს, რომ არასაკმარისად გლობალური იყო პრემიერის გამოსვლა, ამაზე გლობალური გამოსვლა შეიძლება ჰქონოდა ნასას აღმასრულებელ დირექტორს, მას ესაუბრა პლანეტებზე, სამყაროზე“ – აცხადებს თალაკვაძე.
უმრავლესობის ლიდერი ფარისევლურს და ბავშვურ შედარებას უწოდებს ბოკერიას განცხადებას კონკრეტულ ლიდერებთან დაკავშირებით.
„ვნახოთ ამ გუნდის სხვა შეფასებები, თუნდაც პოროშენკოს მიმართ. დღეს როდესაც გამოდის და ლაპარაკობს, რომ მამუკა ბახტაძის გამოსვლას სჯობდა პოროშენკოს გამოსვლა, ეს არის ბავშვური შედარება. ეს იყო პრინციპული და საქმიანი გამოსვლა. არ ვიცი, გიგა ბოკერია თუ ასე ურჩევდა თავის ლიდერ სააკაშვილს, როდესაც ის გამოდიოდა გაერო-ს ტრიბუნაზე, რომ ის ყოფილიყო აგრესიული, ეს მათი პოლიტიკური გემოვნებაა. არ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აგრესიული უნდა ყოფილიყო. ის უნდა ყოფილიყო პრინციპული და იყო ასეთი, ის უნდა ყოფილიყო საქმიანი და იყო ასეთი და მას უნდა შეესრულებინა მთავარი მისია, რომ საქართველოს გზავნილები, საქართველოს ადგილი და როლი გლობალურ კონტექსტში ეჩვენებინა და მან ეს ძალიან კარგად შეძლო თავის გამოსვლაში“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ბოკერიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ კიევში ორმხრივი ვიზიტები არ ყოფილა. ამის მაგალითად თალაკვაძემ მოიყვანა უკრაინაში პალამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მისი თქმით, უკრაინაში ნამყოფია მთავრობის ხელმძღვანელიც და მინისტრებიც, მათ შორის მაშინ, როცა უკრაინაში იყო კრიზისი.
თალაკვაძის განცხადებით, ბოკერიამ ასევე იცრუა, როცა თქვა, რომ პრემიერს რუსეთისთვის არ მიუმართავს.
„რუსეთს მიმართა რამდენჯერმე, მათ შორის, რუსეთის კონტექსტზე ილაპარაკა გლობალური უსაფრთხოების ნაწილში. საქართველოს ნაწილში მან პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაში, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით. ბოკერიამ აქაც იცრუა როდესაც თქვა, რომ მრავალთვიანი კრიტიკის შემდეგ, როგორც იქნა ვაიძულეთ პრემიერი ამაზე ელაპარაკაო. პრემიერი არ არის მრავალი თვე, რაც დანიშნულია პოზიციაზე, მრავალი თვე არ არის, რაც ეს სია და რეზოლუცია მივიღეთ და ეს იყო უმრავლესობის ინიციატივა. მესამე – კონკრეტული მოთხოვნები არ დაუყენებიაო – პირდაპირ დააყენა კონკრეტული მოთხოვნები, რომ საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება მხარდაჭერა, საქართველოს სჭირდება ნატოში წევრობა, ევროკავშირში ინტეგრაცია, რეფორმები განათლების და ეკონომიკური კუთხით და მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა რეგიონში და ევროპაში. ეს არ არის კონკრეტული მოთხოვნა? ამაზე კონკრეტულზე რაზე უნდა ესაუბრა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე? ბოკერიამ რამდენჯერმე თქვა რომ პრემიერმა ჩვენი ქვეყნის წინაშე რომ ვალი მოიხადაო. ჩვენი ქვეყნის წინაშე რომ ვალი მოიხადო მე არ მგონია, ამაში რამე ცუდი იყოს. ვალის მოხდა ჩვენი სამშობლოს წინაშე უპირველესი მოვალეობაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა. მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.