არჩილ თალაკვაძე - ერიკა ოლსონის ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი, მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ოფისის მაღალჩინოსანი, ქალბატონი ერიკა ოლსონი. გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში ის გახლდათ ცენტრის დირექტორი, რომელიც ნატო-სა და ეუთო-ში თანამშრომლობის საკითხებს კურირებდა ჩვენს რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოცდილების, ამ კომპეტენციის ადამიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდეგ სტუმრობს საქართველოს.
რა თქმა უნდა, ეს გახლავთ კიდევ ერთი დადასტურება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი და მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის რეგიონში სხვა ქვეყნებსაც სტუმრობს ამ კვირის განმავლობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ასევე საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ქალბატონო ოლსონი გახლდათ ეკონომიკური მრჩეველი რეგიონში რამდენიმე ისეთი სახელმწიფოსი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვან და წარმატებულ ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. შესაბამისად, ამას ექნება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განზომილებაც, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები საქართველოს ეკონომიკურ აღდგენაზე, განსაკუთრებით პოსტ პანდემიურ პერიოდში, ისაუბრებენ მასთან და განიხილავენ ეკონომიკურ საკითხებსაც“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.