არჩილ თალაკვაძე - ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები იმ საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც სახეზე გვაქვს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები და სამხედრო გადაადგილებები, წარსულშიც არაერთხელ იყო, ეს არის იმ საოკუპაციო პოლიტიკის ფონი და გაგრძელება, რომელიც სახეზე გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს პასუხი არ იქნება პროვოკაციებზე წამოგება და რაიმე ტიპის რისკების დაშვება.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ოკუპაცია არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ამ ოკუპაციაზე პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია. რაც შეეხება წვრთნებს თუ სხვა სამხედრო გადაადგილებებს, ასეთი წარსულში არაერთხელ იყო. ამაზე ყოველთვის არის ჩვენგან რეაგირება საერთაშორისო ფორმატებში, პარტნიორებთან კომუნიკაციაში და ნებისმიერ ასეთ მოქმედებას სჭირდება სათანადო გადამოწმება და შემდეგ რეაგირება. ეს არის იმ საოკუპაციო პოლიტიკის ფონი და გაგრძელება, რომელიც სახეზე გვაქვს. ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციაზე წამოგება და რაიმე ტიპის რისკების დაშვება ჩვენი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, შეირაღებული ძალები მუშაობის საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული „საბრძოლო რეჟიმი სასწავლო მიზნით გამოცხადდა“.