არჩილ თალაკვაძე - ძალიან გვინდა, პარლამენტმა იმუშაოს ზუსტად იმ სახით, როგორც ხალხმა აირჩია
არჩილ თალაკვაძე - ძალიან გვინდა, პარლამენტმა იმუშაოს ზუსტად იმ სახით, როგორც ხალხმა აირჩია

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ამისთვის არსებობს საფუძვლები.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო აქტორმა თქვა, რომ არჩევნები სამართლიანი, კონკურენტული იყო და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.

„ძალიან მკაფიოდ გითხარით, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი არ აპირებს, უპატივცემულოდ, შეურაცხმყოფელად მოექცეს საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის ძალიან მკაფიო. მეორე მხრივ, გეუბნებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გიმეორებთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის არსებობს საფუძვლები. მაგალითად, თუ ვერ ჩამოყალიბდა მთავრობა ან ვერ დაიწყო პარლამენტმა საქმიანობა, ან ვთქვათ, თუ გამოძიებამ ობიექტურად დაადგინა, რომ არჩევნების სისტემური გაყალბება იყო. არც ერთი აქ ჩამოთვლილი გარემოება ჩვენ არ გვაქვს სახეზე. პირიქით, ყველა საერთაშორისო აქტორმა თქვა, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. მთავრობა დაკომპლექტებულია, ფუნქციონირებს. პრემიერი გახლავთ საერთაშორისო ვიზიტში. პარლამენტი ფუნქციონირებს და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ზუსტად იმ სახით იმუშაოს პარლამენტმა, როგორც ხალხმა აირჩია. ამიტომ, ზუსტად ვმუშაობთ ოპოზიციასთან, რათა იმ მოქალაქეების არჩევანიც იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ვინც ოპოზიციურ პარტიებს მისცა ხმა. ამიტომ, ეს რეალობა ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც საკუთარ მოთხოვნებს აყენებს არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩვენ მზად ვართ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განვახორციელოთ. ჩავატაროთ ადგილობრივი არჩევნები უფრო პოზიტიურ გარემოში, უკეთესი კანონმდებლობით, მეტი დამკვირვებლებითა და განვაგრძოთ შემდგომში ქვეყნის მართვა როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივ მმართველობაში ოპოზიციასთან ჩართულობით, იმ პოლიტიკური ბალანსით, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტა ან გადაწყვეტს მომავალში. ეს არის რეალობა. მგონია, ევროკავშირი დღეს ძალიან კარგად ხედავს ამ არგუმენტებს და მადლიერი ვარ, რომ  მოგვეცა საშუალება, ჩვენი არგუმენტები აგვეხსნა ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.