არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ძალაუფლების გადანაწილებაზე სრულფასოვანი კონსულტაციების დასაწყებად საჭიროა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით სრულფასოვანი კონსულტაციების დასაწყებად საჭიროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
თალაკვაძის თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ძალაუფლების გადანაწილების საკითხია.
„იცით, რომ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი გახლავთ სწორედ ეს, რაც კომიტეტებს უკავშირდება. თუმცა ასევე ძალიან კარგად იცით, რომ მიშელის შეთანხმების განხორციელებას სჭირდება ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ჯერჯერობით, როდესაც ოპოზიციის დიდ ნაწილს და ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, ხელი არ აქვს მოწერილი მიშელის შეთანხმებაზე, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ვნახოთ, რა იქნება საბოლოო პოზიცია ამ პოლიტიკურ პარტიაში. მიგვაჩნია, ისინი ვალდებული არიან და უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რათა ამ თემაზე სრულფასოვანი კონსულტაციები ყველა ოპოზიციური პარტიის ჩართულობით დაიწყოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პრინციპული მზადყოფნა, სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი და მზად ვართ ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის, როგორც კი ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა იქნება დაფიქსირებული მიშელის შეთანხმებაზე. საბოლოოდ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ მოაწერს ხელს მიშელის შეთანხმებას, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების პოზიცია, მათი დამოკიდებულება და მათი შეფასება შემდგომი კონსულტაციების პროცესთან დაკავშირებით. უსამართლობა იქნება, რომ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები და ის პარტია, რომელიც შეიძლება, გაემიჯნოს შეთანხმებას, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მედიაციით შეთანხმებულ პრინციპებს, ჩავაყენოთ მიშელის შეთანხმების ფარგლებში ერთსა და იმავე პირობებში. ალბათ ეს იქნება უსამართლო, თუმცა ამაზე თვითონ ოპოზიციის დამოკიდებულება ჩემთვის საინტერესოა.
თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც საქმე ეხება მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ პრივილეგიებს და პირობებს, ხელმომწერი და არახელმომწერი პარტიები თანაბარ პირობებში არიან? შეთანხმებას ვინც არ აწერს ხელს, იმან უნდა ისარგებლოს თუ არა მიშელის შეთანხმებით მოცემული პირობებით? რადგან ეს კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, ვიდრე ოპოზიცია გაერკვევა, რა არის პასუხები, თორე ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.