არჩილ თალაკვაძე - ძალადობა მიუღებელია, თუმცა არ შეიძლება, მაღაზიაში მომხდარი ყოფითი კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებად გადავთარგმნოთ
ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა და ძალადობის ენაზე საუბარი მიუღებელია მიუხედავად იმისა, თუ რომელი ეთნიკური წარმოშობისაა ესა თუ ის ადამიანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზეა მომხდარი. თალაკვაძე აცხადებს, რომ პოლიციასა და სამართალდამცველებს აქვთ საკანონდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ.
„რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, მიუღებელია და ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე საკუთარი სახელმწიფო, ინსტიტუტები დააზიანონ. რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. პოლიციასა და სამართალდამცველებს აქვთ საკანონდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის, ვინაც დაარღვია, იძალადა, კანონის შესაბამისად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, ადგილზე შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ჩასვლა მაღალი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია.
„რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება გახლავთ, რომ შს მინისტრი პირადად ჩავიდა ადგილზე და როცა აუცილებელი იყო, შს სამინისტრომ დამატებითი დანაყოფის მობილიზაციაც უზრუნველყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი არ აგეს, ეს არ იქნება ობიექტური შეფასება. დარწმუნებული ვარ, პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც კანონი დაარღვია. საჯაროდ ის ჩანაწერები ვნახეთ, სადაც ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და არაერთი ადამიანი მონაწილეობდა ინციდენტში. ამას სჭირდება გამოძიება, პოლიციამ და სამართალდამცავ სტრუქტურებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. გამოძიება დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამ ყველაფრის გადატანა რაღაც ეთნიკურ კონფლიქტში, ცალსახად მიმართულია საზოგადოების წინააღმდეგ. ეთნიკური აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები და ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა მიუღებელია. ოპონენტებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არიან, სურთ, პრობლემა წარმოაჩინონ იქ, სადაც არ არსებობს. არ შეიძლება, მაღაზიაში მომხდარი ყოფითი კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებად გადავთარგმნოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.