არჩილ თალაკვაძე - ძალადობა მიუღებელია, ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ, სამწუხაროდ, ოპონენტებმა დისკუსია გადაიტანეს ძალადობრივ სიბრტყეში
ძალადობა მიუღებელია, ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ, სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ოპონენტები და პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ დისკუსია, განხილვები და ჯანსაღი არგუმენტების წარმოდგენა დაებლოკათ და პროცესები გადაიტანეს ძალადობრივ სიბრტყეში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზიზღის და სიძულვილის კამპანია საზრდოობს სწორედ იმით, როდესაც ხდება ორმაგი სტანდარტებით მიდგომა ძალადობასთან.
„ჩვენ ვგმობთ და მომავალშიც დავგმობთ ძალადობას ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიმართ განხორციელდა ძალადობა. განსხვავებული აზრის მიღება და არგუმენტების წარდგენა ყველას უნდა შეეძლოს. ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი არ არის ის ენა, რომლითაც ჩვენ შეიძლება ქვეყანაში საკითხები გადავწყვიტოთ. ზუკა ბერძენიშვილის ფაქტიც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, ექიმები დროულად აღმოუჩენენ დახმარებას და შესაბამისი სამსახურები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ძალადობა დასრულდება და გაქრება იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემთხვევის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვის ეხება ის, იქნება ერთგვაროვანი და ძალიან პრინციპული მიდგომა. სამწუხაროდ, ვხედავთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რაშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები, მათი შეფასებებიც არის შერჩევითი და ძალადობასთან აქვთ ორმაგი სტანდარტით მიდგომა, რაც მიუღებელია. ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, ვის ეხება ეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.