არჩილ თალაკვაძე - დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით რადიკალურ ოპოზიციას სურს, გარკვეული გავლენა მოიპოვოს სასამართლოზე და ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში
რასაკვირველია, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რადიკალურ ოპოზიციას აინტერესებს რამდენიმე მიზნით, რომ ხელი შეუშალონ ევრორეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც გაასამართლა მათი პოლიტიკური ლიდერები და ეს იყო სრულიად სამართლიანად, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას ასევე სურს, გარკვეული გავლენა მოიპოვოს სასამართლოზე და ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში“.
„სწორედ ამით აიხსნება ის ანომალია და აბსოლუტური გაუგებრობა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ევროპაში მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. კერძოდ, რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო. ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მიუღებელი იქნებოდა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაესამართლებინა სასამართლო. სასამართლო არის საქართველოს სახელმწიფო სისტემის ნაწილი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საჯარო ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება და, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მათ შორის ისეთი ჩარევებისგან, როგორიც ამ შემთხვევაში უნდა რადიკალურ ოპოზიციას. წამით მაინც ვინმე მცირედ რომ იყოს დარწმუნებული, რომ მართლაც სურთ სიმართლის დადგენა და არა – სასამართლოს დისკრედიტაცია, საქართველოს დაზიანება ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს, რასაკვირველია, ჩვენ გავყვებოდით კამათში. მათაც ადვილად შეუძლიათ, წაიკითხონ ყველა მონაცემი, რომელიც ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს აქვს ბევრად უფრო უკეთესი, დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, ვიდრე მაშინ ჰქონდა, როცა ჩვენ ხელისუფლება გადმოვიბარეთ. ახლა ეს ადამიანები სასამართლოს შეფასებას ითხოვენ, რაშიც არსებული მძიმე დესტრუქციული კონტექსტი რომ არ იყოს, ეს იქნებოდა პოლიტიკური ანეკდოტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.