არჩილ თალაკვაძე - დიდი იმედი მაქვს, შეთანხმება შედგება და ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში ჩართვას ვერ აცდება
დიდი იმედი მაქვს, შეთანხმება შედგება და ოპოზიცია ვერ აცდება იმას, რომ ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თავად ოპოზიციის მიერ წამოყენებული საკითხები და ამ საკითხების ნაწილი თავისთავად მოითხოვს და გულისხმობს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში. შესაბამისად, მხოლოდ ამაზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ თუ შეთანხმება მოხდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შედგება შეთანხმება, ამ შემთხვევაში ოპოზიცია, ჩემის აზრით, ვერ აცდება იმას, რომ ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში. რეალურად, შეთანხმებაც ხომ იმისთვის ხდება, რომ ოპოზიცია არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში იყოს. სწორედ ეს მიტოვებს ოპტიმიზმის საფუძველს, ვთქვა, რომ შეთანხმების შემდეგ ჩვენ შევძლებთ პოლიტიკა მთლიანად დავაბრუნოთ პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ოპოზიციის მიერ დასახელებული საკითხების ჩამონათვალშიც რამდენიმე ისეთი საკითხია, რომელიც მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარალამენტო პროცესში.
„ზუსტად ახლა გითხარით, რომ ჩვენ მიგვაჩნია, სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და როგორც იცით, იმ საკითხების ჩამონათვალშიც კი, რომელიც ოპოზიციამ ბატონ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დეტალებზე დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ, განა იმიტომ, რომ არ გვაქვს ამაზე პასუხები და არ შეგვიძლია საუბარი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ დიალოგის პროცესს და არ გვსურს, რომ წინასწარი განცხადებებით რაიმე დავაზიანოთ. რამდენიმე დღეში, გექნებათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, მათ შორის საკითხებზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს, თუ რაზე შედგება შეთანხმება და რაზე ვერა, პირველი თქვენ გაიგებთ“, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.