არჩილ თალაკვაძე - დიალოგის დასრულებას უნდა დაველოდოთ, ამისთვის კიდევ ორი დღე დაგვრჩა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ მხარეებს შორის დღევანდელ შეხვედარზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმუშავეს.
თალაკვაძის თქმით, დიალოგი ჯერ არ დასრულებულა და დღეს პოზიციების დასაახლოვებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.
„დღეს ვიმუშავეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის გაგრძელების პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, დღესაც აქვს და მზად ვართ, ოპოზიციასთან ამაზე ვისაუბროთ. 11 დეკემბერს გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა, თუ რა შემადგენლობით, ეს დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა დაეფუძნოს დიალოგის შედეგებს. დიალოგი ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი პოზიციების დასაახლოვებლად. ამიტომ, დიალოგის დასრულებას უნდა დაველოდოთ, ამისთვის კიდევ ორი დღე დაგვრჩა“, – განაცხადა თალაკვაძემ.