არჩილ თალაკვაძე - დიალოგის ჩაშლას ოპოზიციის ის ნაწილი ცდილობს, ვინც პასუხისმგებელია წარსულში უმძიმეს სისტემურ დანაშაულებზე
არჩილ თალაკვაძე - დიალოგის ჩაშლას ოპოზიციის ის ნაწილი ცდილობს, ვინც პასუხისმგებელია წარსულში უმძიმეს სისტემურ დანაშაულებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე წარმოებული დიალოგის ჩაშლას ოპოზიციის ის ნაწილი ცდილობს, ვინც პასუხისმგებელია წარსულში უმძიმეს სისტემურ ჩავარდნებზე, დანაშაულებზე, პოლიტიკურ მანიპულაციასა და არჩევნების გაყალბებაზე.

როგორც ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, საარჩევნო ბარიერზე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციისთვის სიახლე არ არის, რადგან მათთან საკმაოდ დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა ძირითად საკითხზე არსებობს სამართლიანი პირობები და პასუხები. ბოლო სამი დღის განმავლობაში მათი მხრიდან უკან დახევა ნახეთ, როცა 40 პროცენტიან პრინციპზე მოთხოვნა უკან წაიღეს, რადგან ჩვენი პასუხი ნახეს. არასოდეს გვიფიქრია, რომ ხელისუფლების დაკომპლექტებისთვის 40 პროცენტზე ნაკლები უნდა მიგვეღო. ვინც დიალოგს ჩაშლის, ვალდებული იქნება, დასავლელ პარტნიორებსა და საზოგადოებას აუხსნას, მოტივაცია, რის გამოც შეთანხმებას ხელი შეუშალეს. პირობას ვიცავთ, რომელიც ოპოზიციასა და პარტნიორებს მივეცით. დეტალებზე არ ვსაუბრობთ. ერთ კვირაში, დეტალურად მოგიყვებით, თუ რა პირობები და რა შეთავაზება იყო ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული და თუ რა იყო სავარაუდოდ ის მიზეზები, რაზეც ოპოზიციის ნაწილი ამ პოზიციას იკავებს“ ,- აღნიშნავს სპიკერი.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აქვს მოლოდინი,  რომ ერთი კვირის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები შეეცდებიან, შეთანხმებას როგორმე თავი აარიდონ და რაიმე მიზეზით პირობებზე უარი თქვან.

„ეს იქნება მკაფიო სიგნალი. ოპოზიციის ეს ნაწილი ტესტის წინაშე დგას – სურთ, დემოკრატიული არჩევნები, თუ სურთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ივაჭრონ საზოგადოების ინტერესებით, ხმებით და მანდატებით. ვხედავ რა ოპოზიციის კონსტრუქციულ პოზიციებს, მათ შორის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიც სახეზეა, იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმება მოხდება, გადავალთ ნორმალურ საარჩევნო რეჟიმში და მხოლოდ არჩევნებით გავარკვევთ, ქვეყანაში ვის აქვს მეტი მხარდაჭერა. შევეცდებით, რომ ეს ცვლილებები სრული კონსესუსით მივიღოთ. ამ დროისთვის ოპოზიციას არ აქვს სოლიდური არგუმენტი, რატომ არ უნდა დაეთანხმოს არსებულ შეთავაზებებს. მოლაპარაკებებისთვის დრო კიდევ გვაქვს. თუ ცვლილებებზე შეჯერება სრული კონსესუსით ვერ მოხდება, ვეცდებით, ეს ცვლილებები გავიტანოთ რაც შეიძლება მაქსიმალური კონსესუსით. შესაძლოა, ეს მოხდეს ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი“, – განაცხადა თალაკვაძემ.