არჩილ თალაკვაძე - არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე
დღეს გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ თალაკვაძემ განაცხადა, შესაძლებელია საარჩევნო რეფორმის საკითხებზე შეთანხმება შედგეს.
„მსურს, „ქართული ოცნების“ სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებს, ელჩებს, ფასილიტატორებს. დღეს გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძევადიანი თანამშრომლობის საშუალებას მიგვცემს, ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. პრაქტიკულად, ჩვენ ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი. რაც შეეხება დროს, ყველას გვესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა სხდომა და ეს არის 11 დეკემბერი. რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით. მომდევნო დღეებშიც იქნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა“, – განაცხადა თალაკვაძემ.