არჩილ თალაკვაძე - დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეალური დემოკრატიული რეფორმები ამ ქვეყანაში საზოგადოებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა
არჩილ თალაკვაძე - დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეალური დემოკრატიული რეფორმები ამ ქვეყანაში საზოგადოებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეალური დემოკრატიული რეფორმები ამ ქვეყანაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში საზოგადოებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღევანდელი აქტიური საპარლამენტო დღე კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ რეფორმები, რომელსაც ყველა წინა ხელისუფლება ჰპირდებოდა საზოგადოებას, მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში განხორციელდა.

„ეს არის ის კონსტიტუცია და ის საპარლამენტო მმართველობის მოდელი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, მხოლოდ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ეს არის ის რეგლამენტი და ის საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ და რომელსაც სამწუხაროდ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა თავის დროზე, თუმცა ისიც კარგია, რომ ამ საჯარო სიკეთეებს, ამ დემოკრატიულ პლატფორმას, რომელიც აქ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით, იყენებს ოპოზიცია. ზუსტად ამისკენ მოგიწოდებდით ჩვენ და დღეს რომ უფრო აქტიური საპარლამენტო დღეა, დღეს, რომ ოპოზიციას შეუძლია რისთვისაც აირჩია ხალხმა ის გააკეთოს, ეს არის ზუსტად ის, თუ რა განსხვავებაა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მაშინ. ჩვენ გავატარეთ რეფორმები, რომელზეც ყველა წინა პოლიტიკური თაობა, ყველა წინა ოპოზიცია ოცნებობდა, რომელსაც ბევრი ხელისუფლება პირდებოდა საზოგადოებას, მაგრამ ამის რეალურად გაკეთება შეძლო მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა და ეს რეფორმები პოლიტიკურ ცხოვრებაში ხორციელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.