არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, გამოჩნდა, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში ექაჩებიან ქვეყანას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებები, რომ ცვლილებების ჩავარდნა სურთ, პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა არსებულ შეთანხმებას და დემოკრატიაზე ასევე მათ მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს.
„პირველ რიგში, ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ უკვე ორი კვირის განმავლობაში აკეთებენ განცხადებას, რომ მათ სურთ, ეს ცვლილებები ჩავარდეს. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ გაკეთებულ ხმამაღალ საჯარო განცხადებებს დემოკრატიაზე, ასევე ეწინააღმდეგება იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე დადო.
ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა უკვე იყო წყალგამყოფი, ეს უკვე იყო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას. მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა – „ქართული ოცნება“ და დარჩა ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ვინც შეთანხმება შეასრულეს, ასევე საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, ორი პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელმაც სამწუხაროდ ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო დაპირება მიცემული, რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი შეთანხმების სახით“, – განაცხადა თალაკვაძემ, რომელიც მიიჩნევსმ, რომ დღევანდელი დღე არის ძალიან მკაფიო სიგნალი, ვის რა ღირებულებები აქვს და რეალურად ვინ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
„მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ პირველად არ ხდება, როდესაც ეს ორი პოლიტიკური პარტია ბლოკავს და ცდილობს, ჩაშალოს საარჩევნო სისტემის დემოკრატიული ცვლილება. გარდა იმისა, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არც ერთხელ არ დაუჭერიათ მხარი და არც ინიციატივა ჰქონიათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მათ ოპოზიციაშიც მოახერხეს და მერამდენედ შეუშალეს ხელი, გაემიჯნენ და დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში დემოკრატიული ცვლილებებისგან. ეს არის მათი არჩევანი. საზოგადოების არჩევანს კი ჩვენ ოქტომბერში დავინახავთ“,- განაცხადა არცილ თალაკვაძემ.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.