არჩილ თალაკვაძე - დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, რომ „გერმანული მოდელი“ არათავსებადია ჩვენს კონსტიტუციასთან, ანუ 77 არ უდრის 150-ს
არჩილ თალაკვაძე - დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, რომ „გერმანული მოდელი“ არათავსებადია ჩვენს კონსტიტუციასთან, ანუ 77 არ უდრის 150-ს

დღევანდელ შეხვედრას, როგორც მინიმუმ, ის შედეგი მაინც ჰქონდა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არგუმენტები გაცვალეს დიპლომატიური კორპუსისა და ვენეციის კომისიის თანდასწრებით და დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რასაც ვამბობდით, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრა შეაფასა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს და ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი ყოველთვის საჭიროა.

„შეხვედრა და საუბარი ყოველთვის საჭიროა. დღევანდელი შეხვედრა ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ელჩებს ამ ფორმატის მხარდაჭერის და მონაწილეობისთვის. ​ვნახე, რამდენიმე გამოხმაურება ფორმატთან დაკავშირებით, რაც ძალიან სუბიექტურია. რეალობა არის ის, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეები, ხელისუფლება, ელჩები და ვენეციის კომისია. მომხრე ვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეები მომავალშიც შევიკრიბოთ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო და ეს ტრადიცია გახდეს – განვითარებულ დემოკრატიებში ეს პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ჩვენთანაც ასე იქნება. გასაგებია, ვისაც ეს არ მოსწონს რა პრობლემა აქვს – სურთ, რომ მხოლოდ თვითონ ისხდნენ მაგიდასთან, თუნდაც ზოგჯერ მარტო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ის არ ეთანხმება განცხადებებს იმის შესახებ, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა ან მისი ჩატარება მნიშვნელობას იყო მოკლებული.

„ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი და თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ ამის ნიველირება გააკეთოს და თქვას, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა ან მისი ჩატარება იყო მოკლებული რაიმე მნიშვნელობას, ამაში არ დავეთანხმები. უშედეგოდ დამთავრდა თუ არა, ესეც საკამათოა, რადგან ერთი კონკრეტული შედეგი ამ შეხვედრას ჰქონდა და ეს შედეგი იყო ის, რომ ამ კვირის განმავლობაში ოპოზიციის მიერ ასე ხმამაღლა დაყენებული ინიციატივა ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, სადაც იყო სხვადასხვა არგუმენტები წარმოდგენილი, შეიქმნა მოლოდინები და ჩვენს საზოგადოებას მართლა გაუჩნდა კითხვა, არის თუ არა რეალურად ეს მოდელი თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან. დღევანდელ შეხვედრას, როგორც მინიმუმ, ის შედეგი მაინც ჰქონდა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არგუმენტები გაცვალეს, თან ეს გაცვალეს დიპლომატიური კორპუსის და ვენეციის კომისიის თანდასწრებით. პრაქტიკულად, დღევანდელმა შეხვედრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რასაც ვამბობდით, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელ ტექსტთან, ამიტომ, მისი შემოღება არის დაკავშირებული ახალ საკონსტიტუციო ინიციატივასთან, რომელზეც 2020 წლამდე, უკვე, პრაქტიკულად, რესურსი არ არსებობს, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილება კიდევ განხორციელდეს. ამას სჭირდება კიდევ რამდენიმეთვიანი პროცედურა, საჯარო განხილვები, საბოლოო ჯამში, სჭირდება დეპუტატების ხმების სამი მეოთხედი. ამიტომ, ეს გაირკვა, რომ 77 არ უდრის 150-ს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.