არჩილ თალაკვაძე - დღევანდელ „მინისტრის საათის“ ფორმატში საზოგადოებას ექნება საშუალება, ნახოს, რა პირობებში საქმიანობს ჩვენი შეიარაღებული ძალები და როგორ უმჯობესდება სტანდარტები
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თავდაცვის მინისტრისგან მოვისმინოთ ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობისა და შემდეგ პერიოდთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენი ჯარისკაცები ჩართული იყვნენ ამ ძალისხმევაში და განსაკუთრებული როლი შეასრულეს ვირუსის გავრცელების შეკავებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს მინისტრის საათის ფორმატში ჩვენ მოვუსმენთ თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი მოგეხსენებათ თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. საქართველო ნატო-ს სტანდარტებთან დღეს პრაქტიკულად სრულად არის თავსებადი და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანების თვალსაზრისით.
ასევე, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მინისტრისგან მოვისმინოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე საგანგებო მდგომარეობისა და შემდეგ პერიოდში პანდემიასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენი ჯარისკაცები ჩართული იყვნენ ამ ძალისხმევაში და განსაკუთრებული როლი შეასრულეს ვირუსის გავრცელების შეკავებაში. არის ბევრი სხვა საინტერესო საკითხი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან მნიშვნელოვანი მზადება იყო დღევანდელი „მინისტრის საათისთვის“ და ბევრი საინტერესო კითხვა დაისმება.
„ვფიქრობ, დღევანდელი ფორმატი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას, ნახოს, თუ როგორ პირობებში საქმიანობს ჩვენი შეიარაღებული ძალები, რა პირობებში იმყოფებიან ჩვენი ჯარისკაცები, როგორ უმჯობესდება სტანდარტები, რა გამოწვევები გვაქვს, რა საფრთხეები გვაქვს და როგორია ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა.
კომიტეტმა ძალიან დიდი საქმიანობა გასწია სამინისტროსთან ერთად ამ წლების განმავლობაში და საინტერესო იქნება, დღეს მინისტრს მოვუსმინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.