არჩილ თალაკვაძე - დეტექტორი, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს, უნდა გახდეს სავალდებულო
არჩილ თალაკვაძე - დეტექტორი, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს, უნდა გახდეს სავალდებულო

მოგვიწევს რეგულაციებზე მსჯელობა, რომ დეტექტორი, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს და ახდენს პირველ რეაგირებას, უნდა გახდეს სავალდებულო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დიღმის მასივში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის არასწორად მოხმარება არის სამწუხარო ფაქტი, რასაც კონკრეტული ადამიანების ტრაგედია უკავშირდება.

თალაკვაძის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარების პროცესში უსაფრთხოება უპირველესია.

„ბუნებრივი აირის მოხმარების პროცესში უსაფრთხოება არის კომპლექსური საკითხი. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის, რა თქმა უნდა, თვითონ მიმწოდებელი კომპანიაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა პარლამენტში მსჯელობა და ვფიქრობთ, ამ ეტაპზე არის ის მომენტი, როდესაც უნდა გავააქტიუროთ მუშაობა. ასევე, მოგვიწევს რეგულაციებზე მსჯელობა, რომ დეტექტორი, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს და ახდენს პირველ რეაგირებას, უნდა გახდეს სავალდებულო. თუ როგორ უნდა მოხდეს ეს მოკლე დროში, ამაზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო.