არჩილ თალაკვაძე - დეპარტამენტის ანგარიში დაბალანსებულია, მასში გამოთქმულია შეფასებები, რომელიც ასახავს, რა პროგრესი ჰქონდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით
არჩილ თალაკვაძე - დეპარტამენტის ანგარიში დაბალანსებულია, მასში გამოთქმულია შეფასებები, რომელიც ასახავს, რა პროგრესი ჰქონდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის დაბალანსებული, მასში გამოთქმულია მოსაზრებები, წარმოდგენილია მიმოხილვითი ტექსტი და ისეთ საკითხებზე შეფასებები, რომელიც ასახავს, რა პროგრესი ჰქონდა საქართველოს წლიდან-წლამდე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ანგარიშში წერია, რომ სასამართლოს მხრიდან წინასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება შემცირდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტით.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით. ანგარიში არის დაბალანსებული, მასში გამოთქმულია მოსაზრებები, წარმოდგენილია მიმოხილვითი ტექსტი და ისეთ საკითხებზე შეფასებები, რომელიც ასახავს, რა პროგრესი ჰქონდა საქართველოს წლიდან-წლამდე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მაგალითად, ანგარიშში საუბარია, რომ საანგარიშო პერიოდში მედია თავისუფალ პირობებში მაუწყებლობდა და გამოხატავდა ყველა პოზიციას, რაც პოლიტიკურ ველზე იყო. საუბარია იმაზე, რომ გასულ წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ შემცირდა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა. ეს მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლო სისტემა უფრო მეტად ახერხებს და შეუძლია, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებით ადამიანებს დაეხმაროს სამართლის პოვნაში. ასევე ანგარიშში წერია, რომ სასამართლოს მხრიდან წინასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება შემცირდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტით. არის ეპიზოდები, რომელიც ეყრდნობა სახალხო დამცველის ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს. ამ მიმოხილვის ნაწილსაც ყურადღებით გავეცნობით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.