არჩილ თალაკვაძე - დენდროლოგიური პარკი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნიკალური პროექტია, რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყანა ვითარდება, მათი გადმოსახედიდან საერთო სურათი არის დამახინჯებული
დენდროლოგიური პარკი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და იმიჯისთვის უნიკალური პროექტია, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყანა ვითარდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს ერთადერთი საზომით ზომავს, რაც მათი გაკეთებული არ არის, ესე იგი ცუდია, მათ კარგზე კარგის თქმა არ შეუძლია, სიმართლის აღიარება არ შეუძლია, მათი გადმოსახედიდან საერთო სურათი არის დამახინჯებული.
„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი უნიკალური ეკოლოგიური პროექტია და გახსნის დღიდან, მხოლოდ ამ ორ-სამ წელიწადში, ცხრა მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა, რაც მიუთითებს, რომ ამ ეკოსისტემის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და იმიჯისთვის მართლაც უნიკალური პროექტია. სხვისი ლენტის მჭრელი რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყანა ვითარდება, ხორციელდება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც არის უნივერსიტეტის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, ყველაფერს ზომავენ ერთადერთი საზომით, რომ რაც მათი გაკეთებული არ არის, ესე იგი ცუდია. სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც კარგზე კარგის თქმა არ შეუძლია, სიმართლის აღიარება არ შეუძლია, მათი გადმოსახედიდან საერთო სურათი არის დამახინჯებული. ეს არის მათი პოლიტიკური კოდი, მათი მიდგომა ქვეყნის მიმართ, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ უმეტესი მათგანი, სულ მცირე, ორ-ორჯერ არის ნამყოფი დენდროლოგიურ პარკში, მაგრამ უჭირთ ამის აღიარება, ისევე როგორც სხვა ბევრი რამის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.